რუსი დეპუტატი კიეველ ბავშვებს საახალწლოდ რაკეტებს დაჰპირდა
15/12/2022 07:51:00 მსოფლიო
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრი ფრაქციიდან "Справедливая Россия - За правду" ოლეგ ნილოვი საბავშვო საქველმოქმედო აქციის მსვლელობისას კიეველ ბავშვებს საახალწლოდ რაკეტებს დაჰპირდა.
ტრადიციული წინასაახალწლო ღონისძიება "Ёлка желаний" სახელმწფო სათათბიროში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, ობოლი და სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის იმართებოდა. წელს მას უკრაინასთან საომრად მობილიზებული მოქალაქეების შვილები და რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიებიდან ძალით ჩაყვანილი ბავშვებიც დაასწრეს.
ჩანაფიქრის მიხედვით, ბავშვები საკუთარ სურვილებს ქაღალდზე წერდნენ და ნაძვის ხეზე აბამდნენ, დეპუტატები კი მათ წერილებს კითხულობდნენ და სურვილებს უსრულებდნენ.
ნილოვმა ნაძვის ხიდან ერთ-ერთი წერილი ჩამოხსნა და განაცხადა: "კიეველ ვოვას საჩუქრად რაკეტა სურს. ვოვა, გპირდები, საახალწლოდ ბევრ რაკეტას მიიღებ. დაელოდე".
ცნობისთვის: უკრაინაში შეჭრის დღიდან ამ დრომდე რუსეთმა მშვიდობიანი უკრაინელების წინააღმდეგ ათობით ათასი რაკეტა გაუშვა. გაერო-ს მონაცემებით, დეკემბრის დასაწყისისთვის დაღუპული იყო 6702 მშვიდობიანი უკრაინელი, მათ შორის - 424 ბავშვი, თუმცა როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, ეს მონაცემები შესაძლოა, არასრული იყოს.


