Accentnews.ge
ცხინვალის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს დე ფაქტო საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებს

ცხინვალის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს დე ფაქტო საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებს

24/10/2019 13:57:53 კონფლიქტები, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს დე ფაქტო საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებს.   

„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს სასაზღვრო სამმართველოს მორიგე ჯგუფმა 24 ოქტომბერს დღისით დასახლებულ პუნქტ წნელისში შეაჩერა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პატრული, რომელსაც  საქართველოსთან სახელმწიფო საზღვარი ჰქონდა დარღვეული. მესაზღვრეებმა მისიის წარმომადგენლებს დარღვევაზე მიუთითეს და რესპუბლიკის ტერიტორიის დატოვება შესთავაზეს. ოსურმა მხარემ მყისიერად გაააქტიურა ცხელი ხაზი და განუცხადა მისიის ხელმძღვანელობას, რომ მსგავსი ქმედებები მიუღებელია, ვინაიდან ძირს უთხრის უსაფრთხოების კუთხით რეგიონში არსებულ ისედაც მყიფე ვითარებას. ამასთან, მისიის მსგავსი ქმედებები პროვოკაციულ ხასიათს იძენს იმ ფონზე, რომ ისინი მორიგი ტექნიკური შეხვედრის წინა პერიოდში ხორციელდება“, – განუცხადა ოსურ მედიას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებზე ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა ეგორ კოჩიევმა.

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ოსური უშიშროების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარს ჯერ–ჯერობით არ აკეთებენ.

"ჩვენ ამჟამად განხილვის პროცესში ვართ, ჯერ–ჯერობით კომენტარს ვერ გავაკეთებთ", – განუცხადეს "აქცენტს" ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში.

ცნობისთვის: დღეს დილით დე ფაქტო უშიშროების კომიტეტში განაცხადეს, რომ „ქართული უსაფრთხოების ძალები საზღვართან ფართომასშტაბიან პროვოკაციას ამზადებენ“. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პროვოკაციად აფასებს:

„მსგავსი პროვოკაციული განცხადებები წარმოადგენენ იმ დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილს, რომელსაც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში აქტიურად იყენებენ საოკუპაციო ძალები, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე და ზოგადად, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მათ მიერვე ინსპირირებული პროვოკაციული ქმედების გასამართლებლად. ცენტრალური ხელისუფლება იყენებს ყველა ბერკეტს, რათა ადგილზე უზრუნველყოფილ იქნას ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის უსაფრთხოება. პერმანენტულ რეჟიმში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი და ინფორმაცია ადგილზე არსებული ვითარების შესახებ რეალურ დროში მიეწოდება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S