სამხედრო ექსპერტი რუსების შეცვლილ ტაქტიკაზე საუბრობს

13-12-2022 18:05:25 კომენტარი

გასული კვირის თავზე ცნობილი გადა, რომ უკრაინის არმიამ ოკუპირებულ მელიტოპოლში რუსებისთვის მნიშვნელოვანი ობიექტები დაბომბა. სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ფაქტის ამსახველი კადრები და იუწყებოდნენ ათობით დაღუპულისა და დაშავებულის თაობაზე. სამხედრო ექსპერტი რომან სვიტანი განმარტავს, ნიშნავს თუ არა ეს ახალი შეტევისთვის მზადებას, რა პირობებია საჭირო უკრაინელების წინსვლისთვის და რუსული არმიის ტაქტიკაზე, რომელიც ახლა შეტევას რიგ მიმართულებებზე მცირე ჯგუფების დახმარებით ცდილობს.

„ახლა საუკეთესო ვარიანტია აგლომერაციაში მოძრაობაზე ფოკუსირება. შეტევითი პოტენციალი, რომელიც გვაქვს და რომელიც არ გამოუყენებიათ ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროზე, აგლომერაციაში უკეთესად გამოიყენება. ეს დონეცკის რაიონებია – ბახმუტი, ავდიევკა, კრემენოი, რუბიჟნე, სვატოვო. ეს, ჩემი აზრით, საუკეთესო ვარიანტებია. მინდვრებში შესვლა ჯერ არ შეიძლება“,– ფიქრობს სვიტანი.

რაც შეეხება მელიტოპოლის მიმართულებით აქტივობებს, ექსპერტი განმარტავს, რომ „ნებისმიერი არმიის მთავარი ამოცანა მტრის ჯარის განადგურებაა. ნებისმიერი ტერიტორიის, ქალაქების, მოსახლეობის გათავისუფლება უკვე პირველი ამოცანის შესრულების შედეგია“:

„ამიტომ, ჩვენი ჯარი ახლა ასრულებს მთავარ ამოცანას - მტრის ჯარის განადგურებას ნებისმიერ წერტილში, სადაც შეგვიძლია, რომ მივწვდეთ.

წვიმამ აიძულა რუსები, დაეტოვებინათ კომპაქტური საცხოვრებელი ადგილები: სასტუმროები, სკოლები, საბავშვო ბაღები, საგანმანათლებლო თუ სამედიცინო დაწესებულებები. ტოვებენ მონაცვლეობით , ზოგჯერ, ბატალიონებიც კი, ანუ 500-მდე ადამიანი ერთ ადგილზე. ეს არის კარგი სამიზნე ჩვენი HIMARS-ისთვის. არც ისე მნიშვნელოვანია, სად მდებარეობს ეს სამიზნეები, განადგურების დიაპაზონი, რომელიც ახლა გვაქვს, 100 კილომეტრამდეა. ავიღოთ იგივე ბერდიანსკი. გულიაიპოლიდან ბერდიანსკამდე დაახლოებით 100 კილომეტრია, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთ სიღრმეზე წვდომა შეგვიძლია. ამიტომ, ჩვენი დრონები, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, HIMARS–ები და არმიის არტილერია მუშაობს ფრონტის მთელ ხაზზე – 1000 კ.მ. სიგრძეზე და 100 კ.მ. სიღრმეზე. მიმდინარეობს ე.წ. საარტილერიო მომზადება გარკვეული მოძრაობებისთვის. თუმცა, შესაძლოა, ეს არ ნიშნავს რაიმე მოძრაობას, როგორც ასეთს, რადგან ახლა მასზე უფრო მეტ გავლენას ახდენს ამინდი“.

მისი ხედვით, ამინდმა გარკვეული კორექტირებები შეიტანა საომარ თეატრში და გარკვეული მოძრაობები შეიძლება, დაიწყოს არა უადრეს რამდენიმე კვირისა. მანამდე კი საუკეთესო ვარიანტია „აგლომერაცია დონეცკიდან სვატოვამდე“: „იქ პრაქტიკულად არ არის გრუნტი, ანუ არაფერი სველდება, ძირითადად ასფალტი ან კლდოვანი წარმონაქმნებია. სვატოვო, კრემენოი, ბახმუტი, ავდიევკა, დონეცკი - ახლა არის დრო, რომ აქ გამოვიყენოთ საბრძოლო პოტენციალი. და რამდენიმე კვირის შემდეგ შეიძლება, დაიწყოს მოძრაობა, მაგრამ ძალიან ვართ დამოკიდებული ამინდზე: ის ჯერ არ მოგვცემს მინდვრებში შესვლის შესაძლებლობას იგივე ზაპოროჟიეს მიმართულებით აზოვის ზღვისკენ ან თუნდაც ლუგანსკის რეგიონისკენ“,– ამბობს საკუთარი შეთავაზების განმარტებისას სამხედრო ექსპერტი.

რაც შეეხება უკრაინის გენშტაბის ცნობას, რომ რუსები ლიმანის, ბახმუტის, ავდიევკას და ზაპოროჟიეს მიმართულებით ახორციელებენ შეტევებს, სამხედრო ექსპერტის განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ მცირე ჯგუფები (10-დან 30 კაცამდე) ასრულებენ გარკვეულ შეტევითი მოქმედებებს:

„ისინი ძალიან ახლოს მოდიან ჩვენს პოზიციებთან, ექცევიან ჩვენი არტილერიის, ჩვენი ცეცხლსასროლი იარაღის ცეცხლის ქვეშ. მიუხედავად ამისა, ისინი ბევრნი არიან. რუსებს მუდმივი თავდასხმების განხორციელება დაევალათ. შესაბამისად, ზოგჯერ შესაძლოა, დღეში 10–მდე თავდასხმა განხორციელდეს ერთსა და იმავე პოზიციებზე მცირე ჯგუფების მიერ. ეს საშიშია, რადგან, პირველ რიგში, მათი აღმოჩენა ძალიან რთულია. მათ ვამჩნევთ, როცა პრაქტიკულად, უახლოვდებიან ჩვენს თავდაცვის ხაზს. და უკვე ჩვენს პოზიციებზე, ჩვენს სანგრებში ბრძოლა ძალიან რთულია, რადგან ძირითადად ასეთი ჯგუფები ნადგურდებიან უკვე გასვლისას და არა შემოსვლისას. ისინი ბევრნი არიან. თითქმის ყველა მობილიზებულს ახლა ამ რეჟიმისთვის იყენებენ“.

მისივე თქმით, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ ასევე იყენებს ციხიდან გადაბირებულ პატიმრებს „საზარბაზნე ხორცად“:

„ბევრი პატარა ჯგუფია და ისინი ერთდროულად ყველა მხრიდან მოდიან. ზოგჯერ ხდება, რომ 6–7 ჯგუფი მიდის დღის განმავლობაში ერთსა და იმავე მარშრუტით სასაკლაოზე.მათ ანადგურებენ, მაგრამ მაინც კვლავ მიდიან [ახალი მცირე ჯგუფები] და ამგვარად ახორციელებენ მუდმივ ზეწოლას ჩვენს პოზიციებზე ხსენებული მიმართულებებით“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები