რუს დეპუტატს კიევში 11 ბინა აღმოუჩინეს
13/12/2022 13:10:44 მსოფლიო
უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ განაცხადა, რომ კიევში იპოვეს 11 ბინა, რომელიც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატს ეკუთვნის.
უწყებაში აცხადებენ, რომ ბინებში ჩხრეკა ჩატარდა და იწყება უძრავი ქონების დაყადაღების პროცედურები.
დეპუტატის ვინაობა არ მჟღავნდება. ცნობილია, რომ ეჭვმიტანილი 1968 წელს დონეცკის ოლქში, მარიუპოლში დაიბადა. პოლიციის ცნობით, მან მხარი დაუჭირა რუსული ჯარების შეჭრას უკრაინაში და რუსი სამხედროების მიერ ქალაქის აღების შემდეგ დაჯილდოვდა რუსული მედლით „მარიუპოლის განთავისუფლებისთვის“. ის ეჭვმიტანილია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაში.
ეს აღწერილობა მიესადაგება რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატს "ერთიანი რუსეთიდან" დიმიტრი საბლინს. ის დაიბადა მარიუპოლში, მსახურობდა რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში, შემდეგ კი რამდენიმე მოწვევის რუსეთის დეპუტატი გახდა. მანამდე დეპუტატი აქტიურად მონაწილეობდა მარიუპოლის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რისთვისაც 2013 წელს მიიღო "საპატიო მოქალაქის" წოდება.
საბლინმა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, რომ მას არ ჰქონდა ქონება კიევში.


