პეკინმა რუსეთში Loongson-ის პროცესორების ექსპორტი აკრძალა
13/12/2022 06:56:05 მსოფლიო
ჩინეთის მთავრობამ აკრძალა რუსეთის ფედერაციაში საკუთარი LoongArch არქიტექტურის საფუძველზე Loongson პროცესორების მიწოდება,- იუწყება რუსული „კომერსანტი“.
გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება გამოწვეულია იმით, რომ ტექნოლოგია აღიარებულია სტრატეგიულად მნიშვნელოვანად და გამოიყენება ჩინეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში.
„ელექტრონიკის არაერთმა რუსულმა მწარმოებელმა უკვე გამოსცადა ჩინური პროცესორები და მიაჩნიათ, რომ მათ შეუძლიათ, შეცვალონ Intel, თუ პარალელური იმპორტის არხები დაიბლოკება. ჯერ Loongson-ზე დაფუძნებული ლეპტოპები ხელმისაწვდომია შეკვეთისთვის რუსეთის AliExpress-ზე და ბაზრის მონაწილეები იმედოვნებენ, რომ იპოვიან გზას ამ ტექნოლოგიის მიწოდებისთვის“,– წერს გამოცემა.
რუსეთის ციფრული განვითარების სამინისტროსთან დაახლოებულმა „კომერსანტის“ წყარომ განაცხადა, რომ ჩინეთის მთავრობამ აკრძალა Loongson-ის პროცესორების მიწოდება რუსეთსა და სხვა ქვეყნებში. მისი თქმით, ელექტრონიკის ზოგიერთმა რუსმა მწარმოებელმა უკვე გამოსცადა ეს ჩიპები, მაგრამ ახლა მისი ყიდვა შეუძლებელია.
გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, პროცესორების წამყვანმა მწარმოებლებმა, რომლებზეც მუშაობდნენ შიდა კომპიუტერები, შენახვის სისტემები, სერვერები და ა.შ., Intel და AMD, შეაჩერეს მიწოდება რუსეთის ფედერაციაში. ამის შემდეგ რუსეთში დაკანონდა პარალელური იმპორტი: გაუქმდა სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საავტორო უფლებების მფლობელის ნებართვის გარეშე პროდუქციის შემოტანისთვის პარალელური იმპორტის არხებით.
პარალელური იმპორტის დაბლოკვისა და Intel-ისა და AMD-ის პროცესორების მარაგების ამოწურვის შემთხვევაში, რუსულ კომპანიებს შეეძლოთ Loongson-ის პროდუქტების გამოყენება, რომ არა ჩინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება,– ამბობს მაქსიმ კოპოსოვი, „პრომობიტის“ დირექტორი.


