
ჩეჩნეთის ურუს-მარტანში სპეცრაზმი შევიდა პოლიციის მონაწილეობით ჩხუბის შემდეგ
12/12/2022 10:26:34 კავკასია
ჩეჩნეთის ურუს-მარტანში სპეცრაზმი ამოწმებს ადგილობრივი მოსახლეობის დოკუმენტებს საგზაო პოლიციასთან კონფლიქტის თვითმხილველების მოსაძებნად,– იუწყება მედია ადგილობრივ ტელეგრამ–არხებზე დაყრდნობით.
"ყველა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელია ქალაქში“– იტყობინება სახელმწიფო არხის "გროზნი".
საპოლიციო ღონისძიებები, ე.წ. „რეიდები“ ხორციელდება 11 დეკემბრის ღამეს მომხდარი ინციდენტის შემდეგ: ადგილობრივი ტელეგრამ–არხის ცნობით, სწრაფი რეაგირების ძალების თანამშრომელმა სილა გააწნა საგზაო უსაფრთხოების სახელმწიფო ინსპექციის წარმომადგენელს. მან საპასუხოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან მიწის მიმართულებით ისროლა. მათ გარშემო ადგილობრივები შეიკრიბნენ.
როგორც მედია წერს, კონფლიქტის მიზეზი ის გახდა, რომ სპეცრაზმელი პოლიციის განყოფილებასთან მივიდა და პოლიციელები გამოიწვია, სიტყვიერი შელაპარაკება კი კონფლიქტში გადაიზარდა.
შემდეგ ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა რამზან კადიროვმა დასახლებაში სპეცრაზმის გაგზავნა დააანონსა.
„ან მობრძანდით და წარუდგინეთ მათ თქვენი პრეტენზიები, ხომ გინდათ რომ იბრძოლოთ?! ან ყველას შეგკრებთ და გაგაგზავნით სპეცოპერაციის ტერიტორიაზე“, - ამბობს კადიროვი.