ბაიდენმა ზელენსკისთან საუბრისას აღნიშნა, რომ აშშ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში დახმარებას პრიორიტეტად მიიჩნევს
12/12/2022 06:03:14 მსოფლიო
აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს ჯო ბაიდენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენს მადლობა გადაუხადა უკრაინისთვის აღმოჩენილი უპრეცედენტო თავდაცვისა და ფინანსური დახმარებისთვის. მისი თქმით, ეს ხელს უწყობს არა მხოლოდ ბრძოლის ველზე წარმატების მიღწევას, არამედ ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობის შენარჩუნებასაც.
ზელენსკის თქმით, იგი მონაწილეობას მიიღებს G7–ის ქვეყნების ონლაინ სამიტში, რომელიც 12 დეკემბერს გაიმართება.
"დღეს გაიმართება G7-ის სამიტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს უკრაინა. ახლა ამერიკასთან ჩვენი პოზიციების კოორდინირება მოვახდინეთ. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სამიტი. იქნება სიახლეები", - აღნიშნა ზელენსკიმ.
თავის მხრივ, თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენმა უკრაინა შემდგომ მხარდაჭერაში დაარწმუნა და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში დახმარებას პრიორიტეტად მიიჩნევს.
კვირას უკრაინის პრეზიდენტმა სატელეფონო მოლაპარაკებები გამართა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანთან.


