ბრიტანეთის დაზვერვა - რუსეთი ბალისტიკური რაკეტების მარაგის შევსებას ირანის დახმარებით ცდილობს
10/12/2022 09:04:26 მსოფლიო
ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, რუსეთმა დახარჯა საკუთარი ბალისტიკური რაკეტების მარაგის მნიშვნელოვანი ნაწილი. საუბარია რაკეტებზე, რომლებსაც 500 კილოგრამიანი ქობინის 500 კილომეტრის მანძილზე გადატანა შეუძლიათ.
ბრიტანეთის დაზვერვა აცხადებს, რომ მარაგის შევსებას რუსეთი ირანის დახმარებით გეგმავს:
„თუკი რუსეთი შეძლებს, შეიარაღებაში მიიღოს ირანის წარმოების ბალისტიკური რაკეტების დიდი რაოდენობა, ის სავარაუდოდ, გააგრძელებს და გააფართოებს თავდასხმის კამპანიას უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვან ნაციონალურ ინფრასტრუქტურაზე“.
9 დეკემბერს ბრიტნეთის დაზვერვა იტყობინებოდა, რომ რუსეთმა ირანისგან სავარაუდოდ უკვე მიიღო უპილოტო საფრენი აპარატების, ე.წ. „კამიკაძე დრონების“ ახალი პარტია.
ირანისა და რუსეთის მჭიდრო თანამშრომლობას საერთაშორისო თანამეგობრობა სახიფათოდ თვლის არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ირანის ყველა მეზობლისთვის.


