ბელგიის პოლიციამ ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი დააკავა
10/12/2022 08:10:49 მსოფლიო
ბელგიის პოლიციამ ევროპარლამენტის 14 ვიცე–სპიკერიდან ერთ-ერთი, ბერძენი ევროპარლამენტარი ევა კაილი დააკავა.
ბელგიის პოლიციის ინფორმაციით, ევა კაილისთან ერთად კიდევ 4 პირია დაკავებული. ისინი ეჭვმიტანილები არიან კორუფციაში და კატარის ინტერესების ლობირებაში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის კატარში ჩატარებასთან დაკავშირებით.
პროკურატურის წარმომადგენელმა ერიკ ვან დუისმა განაცხადა, რომ უწყება ეჭვობს, რომ "სპარსეთის ყურის ერთ-ერთ სახელმწიფოს" აქვს მცდელობა, გავლენა მოახდინოს ევროპარლამენტის ეკონომიკურ და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე - კერძოდ, ქრთამებისა და მისი ოფიციალური პირების მოსყიდვის გზით.
მედიის ცნობით, დაკავებულებს შორის არიან პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის გენერალური მდივანი ლუკა ვისენტინი და ევროპარლამენტის ყოფილი დეპუტატი იტალიიდან პიერ ანტონიო პანცერი.
პოლიციამ ჩხრეკის შედეგად დაახლოებით, 600 000 ევრო ნაღდი ფული, ასევე კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები ამოიღეს.


