
ყველა ექიმი, ვინც მიხეილ სააკაშვილი გასინჯა, ერთხმად ამბობს, რომ ის სიკვდილის პირასაა –ალასანია
09/12/2022 15:11:18 საზოგადოება
საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის გიული ალასანიას განცხადებით, ყველა ექიმი, რომელმაც პატიმარი გასინჯა, თანხმდება, რომ ის "სიკვდილის პირასაა".
მისივე თქმით, სასამართლო პროცესი არ უნდა გაიწელოს, რადგან ეს შეიძლება ფატალური შედეგის გამომწვევი გახდეს:
„მიხეილ სააკაშვილის, ჩემი, ყველა ახლობლის პოზიცია არის ის, რომ ეს პროცესი არ უნდა გაწელილიყო და არ უნდა გაიწელოს, რადგან შეიძლება ფატალურად დამთავრდეს. ეს არაერთხელ ითქვა. წეღან ვისმენდი ტოქსიკოლოგის, დევიდ სმიტის აზრს ქართულ ენაზე. ადამიანი ამბობს, რომ პაციენტი სიკვდილის პირასაა. ვინც გასინჯა, ყველა ექიმი, ერთხმად, ამას ამბობს და ვის დავუჯეროთ? ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს".
სასამართლო სხდომა საქალაქო სასამართლოში, რომელზეც მოსამართლე გიორგი არევაძეს უნდა ემსჯელა ყოფილი პრეზიდენტისსასჯელისგან გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე, დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა და ამ საკითხის განხილვის გარეშე დასრულდა. მომდევნო სხდომა 14 დეკემბერს, 11 საათზე დაინიშნა.
სხდომის გადადების მიზეზი ის გახდა, რომ თავისივე მოთხოვნის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში არ მიიყვანეს. პენიტენციურმა დაწესებულებამ წარადგინა საავადმყოფოდან გამოგზავნილი წერილი, რომლის მიხედვითაც, ექიმები მოცემულ მომენტში სააკაშვილის ტრანსპორტირებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ. ამ დოკუმენტს ხელს კლინიკა "ვივამედის" კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე და სააკაშვილის მკურნალი ექიმი თამარ დავარაშვილი აწერენ.
სხდომაზე დროულად ვერ გადაწყდა ვერც ის, შეუძლია თუ არა სასამართლოს „ვივამედიდან“ ონლაინ ჩართოს სააკაშვილი.
მოსამართლე გიორგი არევაძემ სხდომა სწორედ იმის გამო გადადო, რომ ექსპრეზიდენტი მასში მონაწილეობას ვერ ახერხებდა. მისი თქმით, 14 დეკემბრისთვის უკვე ცნობილი იქნება, შეძლებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი ფიზიკურად სხდომაზე დასწრებას ან იქნება თუ არა შესაძლებელი მისი დისტანციურად ჩართვა.
"სასამართლომ ფაქტობრივად ამ საკითხთან დაკავშირებით იმსჯელა, გამოთქვა მზადყოფნა და თქვა, რომ დაავალებდა პენიტენციურ სამსახურს ჩართონ მიხეილ სააკაშვილი იმის გამო, რომ მისი ტრანსპორტირება ვერ ხერხდება. ტექნიკურად როგორ მოხერხდება, ამის გადასაწყვეტად ორი კალენდარული სამუშაო დღე ითხოვა, გრაფიკი შემოგვთავაზა, ჩვენ ამ გრაფიკს დავეთანხმეთ", - უთხრა მედიას სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ სხდომის დასრულების შემდეგ. სწორედ მან მიმართა სასამართლოს ექსპრეზიდენტის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობით. ეს მოთხოვნა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ცნობილი გახდა ექსპერტიზის დასკვნები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.