აშშ უკრაინას $275 მილიონის საჰაერო თავდაცვის სისტემებს გაუგზავნის - Reuters
09/12/2022 13:13:18 მსოფლიო
შეერთებული შტატები ამზადებს უკრაინაში 275 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს, რომელიც მოიცავს დრონების და საჰაერო თავდაცვის საწინააღმდეგო საშუალებებს,– ამის შესახებ Reuters-ისთვის ცნობილი გახდა დოკუმენტიდან, რომელიც ჟურნალისტების ხელში აღმოჩნდა. პაკეტის მზადების შესახებ ასევე იტყობინებიან ვითარების მცოდნე წყაროები.
დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი საჰაერო თავდაცვის სისტემები შევა პაკეტში, ჯერ არ არის ხელმისაწვდომი. თავად ოფიციალური განცხადება უკრაინის სამხედრო დახმარების შესახებ შესაძლოა, 9 დეკემბერს გაკეთდეს.
მოსალოდნელია, რომ პენტაგონმა კიევს მიაწოდოს Lockheed Martin-ის წარმოების HIMARS რაკეტები, 155 მმ საბრძოლო მასალა, Humvee სამხედრო მანქანები და გენერატორები, – ნათქვამია დოკუმენტში.
ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე,–წერს „ამერიკის ხმა“. როგორც გამოცემა განმარტავს, პაკეტების შინაარსი და ზომა შესაძლოა, შეიცვალოს მანამ, ვიდრე პრეზიდენტი შესაბამის განკარგულებებს მოაწერს ხელს.
ბოლო თვეების განმავლობაში, რუსეთის ჯარებმა მასიური სარაკეტო დარტყმები განახორციელეს უკრაინაზე. პენტაგონის მაღალჩინოსანმა ნოემბერში განაცხადა, რომ თავდასხმები ნაწილობრივ მიზნად ისახავს კიევის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების შესუსტებას და ქვეყნის ცაზე დომინირების მოპოვებას.
სამხედრო დახმარების სახით შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გადასცა NASAMS-ის თანამედროვე საზენიტო სისტემები, რომლებსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები იყენებს.
ვაშინგტონმა ადრე გამოაცხადა, რომ უკრაინაში ასევე გაიგზავნება ოთხი მოკლე მანძილის საჰაერო თავდაცვის სისტემა Avenger.


