სი ძინპინი საუდის არაბეთს სამდღიანი ვიზიტით ეწვია
09/12/2022 12:02:32 მსოფლიო
ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი სამდღიანი ვიზიტით საუდის არაბეთში ჩავიდა, სადაც მან პეკინისა და არაბული სამყაროს ურთიერთობებში "ახალი ერა" გამოაცხადა.
საუდის არაბეთი ახლო აღმოსავლეთში ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ პარტნიორად ითვლება. თუმცა, ბოლო დროს ვაშინგტონსა და ერ–რიადს შორის ურთიერთობა შესამჩნევად გაუარესდა. შეერთებულმა შტატებმა გააკრიტიკა საუდის არაბეთი, სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთთან და OPEC+-ის სხვა ქვეყნებთან ერთად მიღებული გადაწყვეტილების გამო, შეემცირებინათ ნავთობის მოპოვება, რამაც ხელი შეუწყო ნედლეულზე მაღალ ფასებს მსოფლიო ბაზარზე. აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ბოლო ვიზიტს ქვეყანაში მნიშვნელოვანი შედეგი არ მოჰყოლია.
სი ძინპინმა მოლაპარაკება გამართა პრინც მუჰამედ ბინ საუდთან, რომელსაც ბევრი უწოდებს ქვეყნის ყველაზე ძლიერ ფიგურას.
საინფორმაციო სააგენტო "სინჰუა"-ს ცნობით, მოლაპარაკებები თბილ ატმოსფეროში გაიმართა: სიმ საუდის არაბეთს უწოდა "ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორი ახლო აღმოსავლეთში" და აღნიშნა, რომ ის მოელის "საუდის არაბეთთან ერთად წინსვლას ეროვნული აღორძინების გზაზე". მათ ასევე განიხილეს კონკრეტული ნაბიჯები - კერძოდ, ნავთობით ვაჭრობის მასშტაბების გაზრდა, ასევე ინფრასტრუქტურულ პროექტებში თანამშრომლობა. საუდის არაბეთის პრინცმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ვიზიტი "მნიშვნელოვანი, ისტორიული ეტაპი იქნება ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში".
ვიზიტის დროს ხელი მოეწერა რამდენიმე საქმიან ხელშეკრულებას, მათ შორის საუდის კომპანიებსა და ჩინურ ტექნოლოგიურ გიგანტს Huawei-ს, ასევე, საუდის ნავთობის მწარმოებელ Aramco-სა და ჩინურ Shandong Energy-ს შორის.
ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩინეთი და საუდის არაბეთი უკრაინაში „კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების“ მომხრეები არიან. სხვა დეტალები ამის შესახებ არ ვრცელდება.


