კადიროვმა ოკუპირებულ ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში პირადი წარმომადგენელი დანიშნა
09/12/2022 11:43:26 მსოფლიო
ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ტერიტორიებზე პირადი წარმომადგენელი დანიშნა. აღნიშნული პირი ჰასან იბრაგიმოვია, რომელიც სპეცდანიშნულების რაზმ "ახმატის"მეთაურის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. ამ რაზმის მეთაური უკრაინის უშიშროების სამსახურმა მასობრივ მკვლელობაში დაადანაშაულა.
2020 წელს იბრაგიმოვმა სწორედ კადიროვის ხელიდან მიიღო ჩეჩნეთის უმაღლესი ჯილდო-რესპუბლიკის მეთაურის მამის, ახმატ კადიროვის სახელობის ორდენი.
მანამდე კადიროვმა სეპარატისტულ "დონეცკის სახალხო რესპუბლიკაშიც" დანიშნა თავისი წარმომადგენელი. მისი რჩეული გახდა როსტოველი ბიზნესმენი რამზან მუდაროვი. როგორც კადიროვის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულებიდან ირკვევა, მუდაროვი ამ თანამდებობაზე საზოგადოებრივ საწყისებზე იმუშავებს.
რამზან კადიროვი, რომელზეც უკრაინამ ძებნა გამოაცხადა, იშვიათად ადასტურებს ცნობებს უკრაინაში დანაკარგების შესახებ. გამონაკლისთა შორის იყო ოქტომბრის ბოლოს გავრცელებული განცხადება, რომლის თანახმად, უკრაინაში 23 ჩეჩენი მებრძოლი დაიღუპა.


