Accentnews.ge
აშშ სანქციებს მთელს რუსულ ოქროს უწესებს

აშშ სანქციებს მთელს რუსულ ოქროს უწესებს

09/12/2022 08:42:44 მსოფლიო

ამერიკელმა კანონმდებლებმა გადაწყვიტეს, მაქსიმალურად შეზღუდონ რუსეთის შესაძლებლობები ოქროსთან დაკავშირებული ტრანსსასაზღვრო ოპერაციების განხორციელების მიმართულებით. კანონპროექტი, რომელიც უახლოეს ხანებში უნდა დამტკიცდეს, ითვალისწინებს იმ უცხოელების დასჯასაც კი, რომლებიც ოქროსთან დაკავშირებით რუსეთის ან მისი წარმომადენლების კონტრაგენტობის პირობებში განხორციელებულ ოპერაციებში მიიღებენ მონაწილეობას. შედეგად მსგავს ოპერაციებს ვერ განახორციელებენ, მაგალითად, ბანკები, დილერები ან იუველირები, რომლებსაც რაიმე სახის კავშირი მაინც აქვთ აშშ-სთან.

"ოქროს" სანქციები აღწერილია თავდაცვის ხარჯების შესახებ კანონპროექტის №5590 თავში (გვ. 2336). კანონპროექტი მიმდინარე ფინანსური წლის ხარჯებს შეეხება, ამდენად, კონგრესმა იგი უახლოეს ხანებში უნდა დაამტკიცოს.

სანქციების შესახებ ქვეთავის თანახმად, კანონის მიღებიდან 90 დღეში ისინი უნდა ამოქმედდეს იმ უცხოელების მიმართ, რომლებსაც მონაწილეობა ექნებათ მიღებული "მნიშვნელოვან ტრანზაქციებში რუსეთის ფედერაციიდან ან რუსეთის ფედერაციისთვის პირდაპირ ან ირიბად ოქროს გასაყიდად, მისაწოდებლად ან გადასაცემად (ტრანსპორტირების ჩათვლით)".

ანალოგიური შეზღუდვები წესდება ოპერაციებზე რუსეთის მთავრობასთან, ცენტრალური ბანკის ქვეყნის ფარგლებს არსებული რეზერვების ჩათვლით.

მართალია, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მთელი მისი ოქროს რეზერვები (2022 წლის 1 თებერვლის მონაცემებით - $132 მლრდ) ქვეყნის შიგნით ინახებოდა, მაგრამ გასულ წელს რუსეთიდან ოქროს ექსპორტმა $15,5 მლრდ შეადგინა, - განაცხადა ივნისში ბრიტანეთის მთავრობამ (ლონდონი ოქროთი ვაჭრობის მსოფლიოს მთავარ ცენტრად ითვლება). ამასთანავე, ოქრო გაყიდვების მიხედვით მეორე მუხლია რუსულ ექსპორტში ენერგომატარებლების შემდეგ, - აღნიშნეს ბრიტანელებმა.

მაშინ, ივნისში "დიდი შვიდეულის" ქვეყნებმა რუსეთიდან ოქროს იმპორტი შეზღუდეს. ამასთან, ოქროს ბაზრის მონაწილეთა ლონდონის ასოციაციამ (LBMA) ჯერ კიდევ 7 მარტს შეაჩერა თანამშრომლობა ექვსივე რუსულ კომპანიასთან, რომელიც ოქროს მოპოვება-დამუშავებითაა დაკავებული.

რუსეთს შეეძლო ოქროს ექსპორტის გაგრძელება სხვა ქვეყნებში. თუმცა ახალი კანონი ითვალისწინებს სანქციებს მსგავს ოპერაციებში მონაწილე უცხოელების წინააღმდეგ, თუ მათ აშშ-ში რაიმე საკუთრება ან სხვა ინტერესები გააჩნიათ, ან თუ მსგავსი აქტივები აშშ-ის რეზიდენტის საკუთრებაში ან კონტროლქვეშაა. სანქცირებული პირები ვერც აშშ-ის ვიზას მიიღებენ.

"ოქროს დიდი მარაგები ერთ-ერთია მოსკოვის ხელთ დარჩენილ მცირერიცხოვან აქტივებს შორის, რომელთაც პუტინი თავისი სისხლიანი ექსპანსიონიზმისთვის იყენებს", – განუცხადა CNN-ს სენატორმა ანგუს კინგმა, რომელმაც რამდენიმე კოლეგასთან ერთად ოქროსთან დაკავშირებული ოპერაციების შეზღუდვის ინიციატივა ჯერ კიდევ მარტში გააჟღერა. – ამ რეზერვების წინააღმდეგ სანქციების შემოღებით ჩვენ შეგვეძლება, მსოფლიო ეკონომიკისგან რუსეთის კიდევ უფრო ძლიერ იზოლაციას მივაღწიოთ და გავურთულოთ პუტინს სამხედრო კამპანიის წარმოება, რომელიც სულ უფრო ძვირი უჯდება".

თავდაცვის ხარჯების შესახებ კანონპროექტში "ოქროს" სანქციების ჩართვა კინგმა "ეროვნული უსაფრთხოების მოთხოვნებით" ახსნა.

სრულმასშტაბიანი სანქციების შემოღებამ შესაძლოა, რუსული ოქროს ექსპორტი მთლიანად ვერ შეაჩეროს, თუმცა ისევე, როგორც ნავთობის შემთხვევაში, აიძულებს მოსკოვს, ოქრო დიდი ფასდაკლებებით გაყიდოს. "ინდოეთი, მაგალითად, რომელიც ოქროს ნაკეთობების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, შეძლებს, რუსული ნედლეული მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძინოს", - ამბობდა ჯერ კიდევ ივნისში, "შვიდეულის" ემბარგოს ამოქმედების შემდეგ მუმბაის საბროკერო კომპანია Prabhudas Lilladher-ის ნედლეულისა და სავალუტო ბაზრების ანალიტიკოსი მეგ მოდი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S