Accentnews.ge
ევროკავშირმა რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო ირანის საწინააღმდეგო სანქციები მოამზადა

ევროკავშირმა რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო ირანის საწინააღმდეგო სანქციები მოამზადა

09/12/2022 07:37:41 მსოფლიო

ევროპის კავშირმა ირანის მიმართ დამატებითი სანქციები მოამზადა რუსეთისთვის სამხედრო დრონების მიწოდებისა და ქვეყანაში მასობრივი პროტესტის ხისტად ჩახშობის გამო, - იუწყება Bloomberg.

მისივე ინფორმაციით, ჯანყის ჩახშობის გამო სანქციები 21 პირსა და კომპანიას დაუწესდება, რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო - 10 ფიზიკურ პირს.

სასანქციო პაკეტი ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელში 12 დეკემბერს უნდა დაამტკიცონ. იქვე განიხილება რუსეთის მიმართ ახალი სანქციების დაწესების საკითხიც.

ოთხშაბათს ევროკოისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი - რიგით მე-9 პაკეტი დააანონსა, რომელშიც, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების როგორც პირდაპირი გზით, ისე მესამე ქვეყნების გავლით მიწოდებაა შესული.

"ჩვენ გადავუკეტავთ რუსეთს წვდომას ყველა სახის დრონსა და უპილოტო საფრენ აპარატზე. გამოვდივართ ინიციატივით, აიკრძალოს რუსეთში დრონების ძრავების პირდაპირი ექსპორტი, ისევე, როგორც ექსპორტი ნებისმიერ მესამე ქვეყანაში, როგორიცაა, მაგალითად, ირანი, რომელმაც შესაძლოა, უპილოტოები რუსეთს მიაწოდოს", — განაცხადა ფონ დერ ლაენმა.

ვაშინგტონმა პირველმა დაადანაშაულა ირანი აგვისტოს ბოლოს რუსეთისთვის უპილოტოების მიწოდებაში. თეირანი ამას თავიდან უარყოფდა, ნოემბერში კი აღიარა. თუმცა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა განაცხადა, რომ ეს ომის დაწყებამდე ხდებოდა.

მანამდე აშშ-ის სპეცწარმომადგენელმა ირანის საკითხებში რობერტ მალლიმ განაცხადა, რომ შტატები ეცდება, ჩაშალოს რუსეთისთვის ირანული იარაღის მიწოდება და ამასთანავე, მხარს დაუჭერს სახალხო ჯანყს.

საპროტესტო ტალღა ირანში 22 წლის მაჰსოი ამინის სიკვდილის შემდეგ აგორდა. სექტემბერში იგი ეთიკის პოლიციამ დააკავა ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო. რამდენიმე დღეში ამინი საავადმყოფოში გარდაიცვალა. პოლიციაში განაცხადეს, რომ გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა იქცა. თუმცა თვითმხილველების ინფორაციით, ახალგაზრდა ქალი დაკავებისას სასტიკად ცემეს, რის შედეგადაც იგი კომაში აღმოჩნდა.

მაჰსოი ამინის სიკვდილის შემდეგ ირანი მასობრივმა პროტესტმა მოიცა. ადამიანები ქუჩებში გავიდნენ და ქალთა მიმართ ძალადობის შეწყვეტა მოითხოვეს. მალევე აქციებზე გაჩნდა პოლიტიკური ლოზუნგებიც, კერძოდ, ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნა. ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ჰამენეიმ პროტესტის ორგანიზებაში აშშ და ისრაელი დაადანაშაულა.

დროთა განმავლობაში პროტესტი გადაიზარდა ეროვნულ ჯანყში, რომელიც უმსხვილესად იქცა 1979 წლის რევოლუციის შემდგომი პერიოდის განმავლობაში. პროტესტმა ჯამში 160 ქალაქი მოიცვა 31-ვე პროვინციაში.

8 დეკემბერს ირანის ხელისუფლებამ ჩამოახრჩო 23 წლის მოჰსენ შექარი, რომელიც ანტისახელისუფლებო აქციებში მონაწილეობისთვის გაასამართლეს. ეს მანიფესაციების დაწყებიდან სიკვდილით დასჯის პირველი შემთხვევა იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S