კიევი: "ნუ გეშინიათ რუსეთის დაშლის!"
09/12/2022 06:34:55 მსოფლიო
უკრაინასთან ომში მარცხის შემთხვევაში რუსეთის დესტაბილიზაცია და დაშლა დასავლეთს არ უნდა აშინებდეს, რადგან ეს მსოფლიოს არ დააქცევს, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ.
"მოვუწოდებ მსოფლიოს, ნუ შეაშინებს რუსეთის დაშლა. თუ ისტორიის ბორბალი დაიძრა, მას ვერავინ შეაჩერებს" – განაცხადა უკრაინელმა მინისტრმა "The Wall Street Journal"-თან ინტერვიუში.
მისივე თქმით, "დასავლეთი არ უნდა წუხდეს იმაზე, როგორ დაეხმაროს რუსეთს, გადარჩეს და საერთაშორისო თანამეგობრობის ნაწილად იქცეს".
"დროა, ყველამ გავაცნობიეროთ ის ფაქტი, რომ რუსეთი ვერ იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის ნორმალური წევრი. არა მგონია, მსოფლიო ნაწილებად დაიშალოს , თუ დაიშლება რუსეთი. რუსეთს კი საკუთარი მოქალაქეები დაშლიან ზუსტად ისე, როგორც დაშალეს რუსეთის იმპერია", – განაცხადა კულებამ.
ამასთან, მისი შეფასებით, დასავლეთში "ყველას როდი მოსწონს კიევის დამაჯერებელი გამარჯვების პერსპექტივა", რომლის შემთხვევაშიც უკრაინა დაიბრუნებს კონტროლს არა მარტო ლუჰანსკისა და დონეცკის ოლქებზე, არამედ ყირიმზეც.
"ზოგიერთების აზრით, ეს გამოიწვევს რუსეთის ბირთვული დერჟავის სრულ დესტაბილიზაციას და შეიცავს არაპროგნოზირებად შედეგებს მთელი მსოფლიოსთვის. მსგავსი შეშფოთებები მაგონებს უფროსი ჯორჯ ბუშის პოზიციას, რომელმაც 1991 წელს თავის სიტყვაში "კატლეტი კიევურად" გააფრთხილა უკრაინა "თვითმკვლელი ნაციონალიზმის" საფრთხის თაობაზე და სსრკ-ის გადასარჩენად დამოუკიდებლობის იდეაზე უარის თქმისკენ მოუწოდა" - განაცხადა უკრაინის მთავარმა დიპლომატმა.
მან პირობა დადო, რომ უკრაინა ყველა თავის ტერიტორიას დაიბრუნებს, ყირიმის ჩათვლით: "ნაწილს - სამხედრო გზით, ნაწილსაც - დიპლომატიური საშუალებებით".
"ჯერ ნაადრევია ამ ორ გზას შორის ბალანსის პროგნოზირება. რუსეთი ახალი ბრძოლებისთვის ემზადება და არა მოლაპარაკებებისთვის. თუმცა სამშვიდობო პროცესის დაწყების შემთხვევაშიც კი კიევი ტერიტორიულ დათმობებზე არ წავა. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე საუბარს არავისთან ვაპირებთ. ბოლო 9 თვის განმავლობაში მეტისმეტად მძიმე ფასი გადავიხადეთ და ამასთანავე, კარგად გვაქვს შესწავლილი "მისნკის პროცესის" გაკვეთილები, რომლითაც 8 წელი გვაწამებდნენ", – დასძინა კულებამ.


