მედია – სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზების მეორე ეტაპი დაიწყო
08/12/2022 18:30:53 მსოფლიო
თურქეთის და სომხეთის ოფიციალური წარმომადგენლები ორ ქვეყანას შორის საავიაციო და სახმელეთო გზით, კერძოდ, სასაზღვრო პუნქტ ალიჩანის გავლით ტვირთბრუნვის დაწყების საკითხებს განიხილავენ, – იტყობინება თურქეთის გაზეთი Hurriyet Daily News თურქეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, თებერვალში რამდენიმეთვიანი მოლაპარაკების შემდეგ ერევანსა და სტამბოლს შორის პირველი სამგზავრო რეისები გაიხსნა, ახლა კი მსჯელობა სატვირთო რეისების დაწყებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს.
მოლაპარაკებასთან დაკავშირებული პირები აცხადებენ, რომ რეისები შეიძლება, 31 დეკემბრამდე დაიწყოს. სომხეთში თურქეთიდან ტვირთი საქართველოს გავლით ჩააქვთ. გამშვები პუნქტის ამოქმედების შემდეგ შესაძლებელი იქნება თურქეთიდან ტვირთის პირდაპირ სომხეთში შეტანა.
როგორც Hurriyet Daily News იტყობინება, ოფიციალური პირები ალიჩანის გამშვები პუნქტის ამოქმედების საკითხს განიხილავენ.
თურქეთ-სომხეთის ურთიერთობები დაძაბული რჩება, ორ ქვეყანას არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა.


