Accentnews.ge
ბაიდენი: "ბრიტნი გრინერი უსაფრთხოდ არის და უკვე გზაშია, აშშ გააგრძელებს მუშაობას პოლ უელანის გათავისუფლებისთვის"

ბაიდენი: "ბრიტნი გრინერი უსაფრთხოდ არის და უკვე გზაშია, აშშ გააგრძელებს მუშაობას პოლ უელანის გათავისუფლებისთვის"

08/12/2022 14:03:15 მსოფლიო

აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, ამერიკელი კალათბურთელი ბრიტნი გრინერი უსაფრთხოდ არის და უკვე გზაშია.

მან მადლობა გადაუხადა არაბთა გაერთიანებულ საემიროებს გრინერის დაბრუნების პროცესში ფასილიტაციისთვის.

მისი თქმით, აშშ გააგრძელებს მუშაობას პოლ უელანის გათავისუფლებისთვის.

ამერიკელი კალათბურთელი ბრიტნი გრინერი რუსეთის ციხიდან გაათავისუფლეს. იგი ვიქტორ ბუტში გაცვალეს. გაცვლა დღეს აბუ დაბის აეროპორტში მოხდა.

ვიქტორ ბუტი რუსი იარაღით მოვაჭრეა. იგი პოლიციამ ტაილანდში 2008 წელს დააპატიმრა და აშშ-ის თხოვნით მისი ექსტრადიცია მოახდინა. 2011 წლის ნოემბერში ნიუ-იორკის სასამართლომ ვიქტორ ბუტი დამნაშავედ სცნო და მას 25–წლიანი პატიმრობა მიუსაჯა "ტერორისტული ორგანიზაციებისათვის იარაღის მიყიდვის მცდელობის გამო".

ბრიტნი გრინერი კალათბურთის ამერიკელი ვარსკვლავია. 31 წლის გრინერი შერემეტიევოს აეროპორტში თებერვალში დააკავეს. ბრალდების მიხედვით, მას ნარკოტიკული ნივთიერება – კანაფის ზეთი ჰქონდა თან ელექტრონული სიგარეტის კარტრიჯში. გრინერს 9–თწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რაც კრიტიკოსების ვარაუდით, მოსკოვის მცდელობაა, ვაშინგტონისგან დათმობები მიიღოს უკრაინაში ომის ფონზე.

პოლ უელანი ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ უელანია. იგი მოსკოვში 2018 წლის დეკემბერში ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრეს. უელანი ამერიკის, კანადის, ბრიტანეთის და ირლანდიის მოქალაქეა. იგი ავტონაწილებით მომარაგების ამერიკული კომპანიის გლობალური უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა, როდესაც დააკავეს. პოლ უელანი და მისი ნათესავები ამტკიცებენ, რომ რუსეთში ქორწილზე დასასწრებად ჩავიდნენ. მას 2020 წლის მაისში 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. 51 წლის უელანი სასჯელს მოსკოვიდან 350 კილომეტრით მოშორებულ მორდოვის რეგიონში, # 17–ე კოლონიაში იხდის. ეს რეგიონი ისტორიულად ცნობილია, როგორც რუსეთის უმკაცრესი ციხეების ადგილი, მათ შორის საბჭოთა პერიოდის პოლიტიკური პატიმრების ბანაკების ადგილი. პოლ უელანი ჯაშუშობის ბრალდებას უარყოფს და ციხის მცველებს მისდამი არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებს. აშშ-მა რუსეთის ხელისუფლება უელანის მიმართ “სამარცხვინო მოპყრობის” გამო არაერთხელ გააკრიტიკა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S