ირანის ხელისუფლებამ შემოდგომის საპროტესტო აქციების პირველი მონაწილე დასაჯა სიკვდილით
08/12/2022 13:33:56 მსოფლიო
ირანის ხელისუფლებამ სიკვდილით დასაჯა აქტივისტი მოჰსენ შეკარი. ის პირველია იმ 11 მომიტინგედან, რომლებსაც სიკვდილით დასჯა განუსაზღვრეს ამ შემოდგომაზე მასობრივ ანტისამთავრობო აქციებში მონაწილეობისთვის,– იტყობინება BBC.
არსებული ცნობებით, შეკარი 8 დეკემბერს, დილით ჩამოახრჩვეს. მანამდე ირანის რევოლუციურმა სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო „ღვთის მტრობაში“. ასე დაახასიათა სასამართლომ მისი ქმედება საპროტესტო აქციების დროს: 25 სექტემბერს მან მონაწილეობა მიიღო თეირანში გზის გადაკეტვაში და დანით დაჭრა სამთავრობო ჯგუფის წევრი. თავად აქტივისტმა განაცხადა, რომ იგი გაასამართლეს "საჩვენებელ სასამართლოზე კანონიერი პროცესის გარეშე".
უფლებადამცველები შიშობენ, რომ ირანის ხელისუფლება მომიტინგეებს ყოველდღიურ რეჟიმში დასჯის სიკვდილით, თუ საერთაშორისო საზოგადოება არ მოახდენს ზეწოლას.
2022 წლის სექტემბერში ირანში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო 22 წლის აქტივისტის მაჰსა ამინის გარდაცვალების გამო, რომელიც პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევის ბრალდებით დააკავა. ქალი დაკავებიდან მალე გარდაიცვალა. აქციები ქვეყანაში დღემდე გრძელდება. ხელისუფლებამ გამოაცხადა გარკვეული დათმობების შესაძლებლობა. ამავდროულად, საპროტესტო აქციების ძალის გამოყენებით ჩახშობას ცდილობენ. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ დაიღუპა 500-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 400-ზე მეტი მომიტინგე და სამართალდამცავი ორგანოების რამდენიმე ათეული თანამშრომელი, დააკავეს დაახლოებით 18 ათასი. ამ დროისთვის გამოტანილია 11 სასიკვდილო განაჩენი.


