პესკოვი: "ახალი ტერიტორიების შეერთებაზე საუბარი არ არის"
08/12/2022 12:33:33 მსოფლიო
კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა 8 დეკემბერს განაცხადა, რომ ახლა "არანაირი საუბარი" არ მიმდინარეობს ახალი ტერიტორიების ანექსიაზე „სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში“ (საუბარიაუკრაინაზე).
პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბარში კომენტარი გააკეთა ვლადიმირ პუტინის მიერ 7 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებებზე, რომ ახალი ტერიტორიების ანექსია უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი იყო. პუტინი გულისხმობდა უკრაინის ოთხ რეგიონს, რომლებიც რუსეთმა საკუთარ ნაწილებად გამოაცხადა.
კიევში პუტინის სიტყვები იმის დადასტურება უწოდეს, რომ ომი რუსეთის მიერ თავიდანვე დაგეგმილი იყო, როგორც აგრესიული და მტაცებლური.
პესკოვს ჰკითხეს, აპირებს თუ არა რუსეთი სხვა ტერიტორიების ანექსიას. კრემლის პრესსპიკერმა უპასუხა, რომ ამაზე საუბარი არ ყოფილა და დასძინა: „ყოველ შემთხვევაში, ამ თემაზე განცხადებები არ ყოფილა“. ამავე დროს, მან დასძინა, რომ "რუსეთის ფედერაციის რიგ ახალ რეგიონებში არის ოკუპირებული ტერიტორიები, რომლებიც უნდა განთავისუფლდეს". ეს, როგორც ჩანს, ეხება უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებში.
ამავდროულად, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის პესკოვმა, მანამდე მკაფიოდ ვერ უპასუხეს კითხვას, სად უნდა გაიაროს ახლა რუსეთის საზღვარმა მოსკოვის ხედვით. რუსეთის ჯარებმა ცოტა ხნის წინ უკრაინის შეიარაღებული ძალების ზეწოლის ფონზე დათმეს ქალაქი ხერსონი - ხერსონის ოლქის ცენტრი, ხოლო ზაპოროჟიე - ზაპოროჟიეს ოლქის ცენტრი - საერთოდ არ იყო მათი კონტროლის ქვეშ და არც ჩატარებულა ე.წ. რეფერენდუმი რუსეთთან შეერთების შესახებ. მიკოლაივის ოლქის ქალაქი სნიგირევკა, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა, როგორც საკუთარი, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს რუქებზე უკრაინულად არის მითითებული და ა.შ.
კომენტატორებმა ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტზე, რომ პუტინმა ტერიტორიების ანექსიას ომის მნიშვნელოვანი შედეგი უწოდა, ომის გაჩაღებისას კი სხვა მიზნებს ასახელებდა. პესკოვის თქმით, რუსეთი კვლავ ცდილობს უკრაინის „დენაციფიკაციას და დემოლიტარიზაციას“, ასევე, „უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით მცხოვრები ადამიანების დაცვას, რომლებიც ცხოვრობენ დონბასში“. თუმცა, უკრაინაში შეჭრის გამოცხადებისას, პუტინს არ უსაუბრია არანაირ სამხრეთ-აღმოსავლეთზე.
რუსეთის შეჭრა უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. დეკემბრის დასაწყისში რუსეთის ჯარებმა უკან დაიხიეს ქვეყნის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილიდან, მათ შორის, ხარკოვის რეგიონიდან, ხერსონისა და დონეცკის რეგიონების ნაწილიდან. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ კიევისთვის ომის მიზანი არის მისი ტერიტორიის სრული განთავისუფლება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
იხილეთ ასევე: კრემლში ყირიმის გამო შიშობენ


