უკრაინელ პოლიტიკოსს დერკაჩს ნიუ-იორკში ბრალი წაუყენეს
08/12/2022 11:43:15 მსოფლიო
ნიუ-იორკში, ბრუკლინის ფედერალურმა სასამართლომ ოფიციალურად გამოაცხადა ბრალდება უკრაინის უმაღლესი რადას ყოფილ დეპუტატის ანდრეი დერკაჩის წინააღმდეგ. მას ბრალად ედება ფულის გათეთრება და აშშ-ის სანქციების დარღვევა, რომელიც მას 2020 წელს დაუწესდა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის ხელშეწყობისთვის.
FBI და აშშ-ის პროკურატურა მიიჩნევენს, რომ დერკაჩი (რომელიც ცნობილია უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოსა და ყოფილი ვიცე –პრეზიდენტის, აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის სატელეფონო ჩანაწერების გამოქვეყნებით) არის რუსული გავლენის აგენტი. მიმდინარე ბრალდება ეხება დერკაჩთან დაკავშირებული სტრუქტურების მიერ ორი ქონების შეძენას აშშ–ში და ამ საქმეებთან კავშირის დამალვას.
საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ 2013 წლიდან დერკაჩი უძრავი ქონების შესყიდვისა და მომსახურეობის საფასურის გადასახდელად იყენებს უცხოურ ანგარიშებს ლატვიასა და შვეიცარიაში, რომლებიც ეკუთვნის ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ კომპანიებს.
„კრემლის ამ აგენტის ქცევამ, რომელიც სანქცირებული იყო ჩვენი დემოკრატიისთვის ზიანის მიყენების მცდელობისთვის, აჩვენა, რომ ის მზადაა, სურს და შეუძლია, გამოიყენოს ჩვენი საბანკო სისტემა თავისი უკანონო მიზნების მისაღწევად. აშშ არ იქნება უსაფრთხო თავშესაფარი, სადაც კრიმინალებს, ოლიგარქებს ან სანქციების ქვეშ მყოფ პირებს შეუძლიათ დამალონ თავიანთი უკანონო შემოსავლები ან გავლენა მოახდინონ ჩვენს არჩევნებზე“, - თქვა ნიუ-იორკის აღმოსავლეთ ოლქის ადვოკატმა ბრეონ პისმა.
დერკაჩი ორ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო უკრაინის უმაღლესი რადას წევრი, ბოლოს იგი 2019 წელს აირჩიეს ერთმანდატიან ოლქში. 2021 წელს კიევმა მის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დერკაჩს შეერთებულ შტატებში 30 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.


