ზელენსკი ომის 2023 წლისთვის დამთავრებას იმედოვნებს
08/12/2022 10:39:51 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი მომავალ წელს დასრულდება.
"მჯერა, რომ უკრაინელები იქნებიან ყველაზე გავლენიანები მომავალ წელს, მაგრამ უკვე მშვიდობიან პერიოდში", - აღნიშნა ზელენსკიმ თავის მიმართვაში გამოცემა Politico-სადმი, რომელმაც იგი ევროპაში წლის ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა.
უკრაინის ლიდერმა ასევე მადლობა გადაუხადა "ევროპაში უკრაინის ყველა მეგობარს, რომლებიც ამ საშინელი დროის გადატანაში მილიონობით უკრაინელს ეხმარებიან."
უკრაინის პრეზიდენტისგან განსხვავებით, ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ ომი უკრაინაში, რომელსაც ის „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს, შეიძლება „ხანგრძლივ პროცესად“ იქცეს. ამასთან, მან „მნიშვნელოვანი შედეგი“ უწოდა რუსეთის მიერ უკრაინის რამდენიმე რეგიონის ანექსიას.


