Accentnews.ge
პერუს პარლამენტმა პრეზიდენტს იმპიჩმენტი გამოუცხადა, ის დააკავეს

პერუს პარლამენტმა პრეზიდენტს იმპიჩმენტი გამოუცხადა, ის დააკავეს

08/12/2022 09:40:17 მსოფლიო

პერუს პარლამენტმა გამოაცხადა პრეზიდენტის პედრო კასტილიოს იმპიჩმენტის შესახებ. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, კასტილო დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე უფლებამოსილების გადამეტებისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით.

ერთი დღით ადრე კასტილომ გამოაცხადა კონგრესის (პერუს ერთპალატიანი პარლამენტი) დაშლის, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის შემოღების შესახებ. თუმცა, კონგრესმა უარი თქვა დაშლაზე და ამის ნაცვლად კენჭისყრაზე თავად კასტილიოს გადადგომის საკითხი დააყენა. იმპიჩმენტს მხარი 101-მა დეპუტატმა დაუჭირა ექვსის წინააღმდეგ.

კონგრესმა კასტილიოს ბრძანება სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს დაშლის შესახებ არაკონსტიტუციურად მიიჩნია, ანუ გადატრიალების მცდელობად.

პარლამენტარების მოსაზრებას ეთანხმება პერუში აშშ-ის ელჩი ლიზა კენაც.

„აშშ მკაცრად გმობს პრეზიდენტ კასტილიოს არაკონსტიტუციურ ქმედებებს კონგრესის ლეგიტიმურ მუშაობაში ჩარევის მცდელობაში“, - დაწერა მან „ტვიტერზე“. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ბრიფინგზე კასტილიოს "ყოფილი პრეზიდენტი" უწოდა.

პერუს კანონის თანახმად, პრეზიდენტს შეუძლია, დაითხოვოს კონგრესი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ორჯერ იტყვის უარს მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადებაზე. რაც ამ შემთხვევაში არ მომხდარა.

კასტილო გეგმავდა კონგრესის დაშლას, საგანგებო მთავრობის შექმნას, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და ქვეყნის კონსტიტუციის გადაწერას.

მინისტრთა კაბინეტის ნაწილმა - საგარეო საქმეთა, იუსტიციის, ეკონომიკის, განათლებისა და კულტურის მინისტრებმა თანამდებობები დატოვეს. პოლიციამ და არმიამ პარლამენტის მხარე დაიკავეს: ოთხშაბათს დილით გააფრთხილეს პრეზიდენტი, რომ მისი მხრიდან კანონის დარღვევის მცდელობები აღიკვეთებოდა. დღის მეორე ნახევარში ცნობილი გახდა, რომ ის დააკავეს.

პერუს გენერალურმა პროკურორმა დანიელ სორიამ კასტილიოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საჩივარი შეიტანა ეროვნულ პროკურატურაში. კასტილიოს ადგილი ვიცე-პრეზიდენტმა დინა ბოლუარტემ დაიკავა, მან ფიცი პარლამენტში დადო.

60 წლის ბოლუარტე გახდა პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი და თქვა, რომ ამ თანამდებობაზე დარჩება 2026 წლის ივლისამდე. სწორედ ამ ვადით უნდა ყფილიყო კასტილიო პრეზიდენტი.

პერუს კონგრესი მეხუთე პრეზიდენტს ათავისუფლებს 6 წლის განმავლობაში. 2018 წელს პედრო პაბლო კუჩინსკიმ თანამდებობა დატოვა პარლამენტის კენჭისყრამდე, მაგრამ მოგვიანებით მაინც გაასამართლეს, ხოლო პრეზიდენტი მარტინ ვიზკარა, რომელიც მის შემდეგ მოვიდა, თანამდებობიდან 2020 წელს გაათავისუფლეს 2010-იანი წლების დასაწყისში მოსყიდვის შესახებ ბრალდებების შემდეგ. პედრო კასტილო ქვეყანას 2021 წლის ივნისიდან ხელმძღვანელობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S