
კალაძე: "არავის მიეცემა უფლება, რომ საახალწლო და საშობაო დღესასწაულები გავაქროთ"
08/12/2022 08:38:19 საზოგადოება
"არავის მივცემთ უფლებას, ბნელი, ბოროტი განზრახვებით საქართველოში, თბილისში საახალწლო და საშობაო დღესასწაულები გავაქროთ", – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, არსებობს თარიღები, რომელთაც განსაკუთრებული აღნიშვნა სჭირდებათ.
„სამწუხაროა, რომ ბოლო დღეებია ამაზრზენ პოლიტიკურ განცხადებებს ვისმენთ, რომელთა განხილვასაც არ შევუდგები, მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვთქვა – არავის მივცემთ უფლებას, მათი ბნელი, ბოროტი განზრახვებით საქართველოში, თბილისში საახალწლო და საშობაო დღესასწაულები გავაქროთ. არავის მიეცემა ამის უფლება და შესაძლებლობა. ახალი წელი და შობა არის დღესასწაულები, რომელსაც ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანი განსაკუთრებით ელოდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც მან აღნიშნა, 9 დეკემბერს ნაძვის ხის ანთების შემდეგ კონცერტი გაიმართება.
მოქალაქეთა ნაწილი თბილისის ახალ საახალწლო სლოგანს „მშვიდობის ქალაქი“ აპროტესტებს. 9 დეკემბერს დაანონსებულია აქციაც.