
მამულაშვილებმა ღარიბაშვილის ბრალდებას უპასუხეს
07/12/2022 20:39:14 საზოგადოება
საქართველოს პარლამენტის და „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი ნონა მამულაშვილი გამოეხმაურა მისი და მისი ძმის, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის" მეთაურის მამუკა მამულაშვილის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას.
ყოფილი დეპუტატი უარყოფს ყოველგვარ კავშირს მამუკა მამულაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას" შორის.
„მინდა, გამოვეხმაურო ზნედაცემული ე.წ. პრემიერ-მინისტრის განცხადებას. მას შემდეგ, რაც დაღუპულ ქართველ მებრძოლებს „საცოდავები” უწოდა და ოპოზიციასთან დააკავშირა, დღეს უკვე ჩემი ძმა, „ქართული ლეგიონის” მეთაური, მამუკა მამულაშვილი, ჩემი გავლით, დააკავშირა „ნაციონალურ მოძრაობას".
ყველა ნორმალური ადამიანისთვის, ყოველგვარი ახსნა-განმარტება ზედმეტია, თუმცა, მაინც მინდა ვთქვა, რომ „ქართული ლეგიონი” არის უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს ქვეშ მოქმედი საბრძოლო ერთეული. რომელიც 2014 წლიდან იბრძვის რუსული აგრესიის წინააღმდეგ უკრაინაში. მანამდე, საქართველოს იცავდნენ ყველა რუსული შემოტევის დროს.
ხაზგასმით ვამბობ, ჩემს ძმას არაფერი აკავშირებს არც „ნაციონალურ მოძრაობასთან" და არც სხვა რომელიმე პარტიასთან, ის არის პატრიოტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მტრის წინააღმდეგ 14 წლიდან იბრძვის.
რაც შეეხება ღარიბაშვილს, ის ამ ქვეყნის, მისი ხალხის და მისი ისტორიის სირცხვილია, რის კომპენსირებასაც სწორედ ჩემი ძმა და მისი მსგავსი ათასობით ღირსეული ქართველი ახერხებს უკრაინაში", - წერს ნონა მამულაშვილი „ფეისბუკის" გვერდზე.
კომენტარი გააკეთა „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელმა მამუკა მამულაშვილმაც:
„მე მესმის, რომ რუსულ ყაიდაზეა გაზრდილი და მისთვის შეზღუდულია სხვადასხვა სფეროში სხვადასხვა ადამიანის ლაპარაკი. მე მგონია, რომ ცოტა პატივისცემით უნდა მოეპყროს იმ საკითხს, რასაც დღეს „ქართული ლეგიონი“ აკეთებს. ეს არის საქართველოს ინტერესების დაცვა და მეგობრობის გამყარება და მოვუწოდებ, რომ სწორედ ამ პოლიტიკურმა გუნდმა, რომელიც ჩემთვის არა არის მისაღები, დაიცვან საქართველოს ინტერესები და არა რუსული პოლიტიკა გაატაროს საქართველოში. არ ვიცი, რა კომენტარის გაკეთება შეიძლება, როდესაც ადამიანმა არ იცის, რაზე ლაპარაკობს“, — განაცხადა მამუკა მამულაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.
რაც შეეხება კონფერენციას ევროპარლამენტში, მამულაშვილის თქმით, არაერთხელ ყოფილა მიწვეული მსგავს ღონისძიებებზე და უსაუბრია, რაც ღარიბაშვილის კომპეტენცია საერთოდ არ უნდა იყოს.
„მე თვითონ პარტიული არასდროს ვყოფილვარ. არც „ნაციონალური მოძრაობის“ და არც სხვა რომელიმე პარტიის წევრი არასდროს არ ვყოფილვვარ. რა თქმა უნდა, მე მაქვს ჩემი პოლიტიკური სიმპათიები და ანტიპათიები. ყველა ადამიანს აქვს… მე მგონი, ჯერ კიდევ, ალბათ, შეგვიძლია საქართველოში გამოვხატოთ ჩვენი ნება და თავისუფლად ვილაპარაკოთ იმაზე, რაც ხდება ქვეყანაში. მე საერთოდ არ მქონია შეხება პოლიტიკურ პარტიებთან. ერთადერთი ჩემი შეხება იყო ის, რომ ჩემი და იყო პარლამენტის წვერი „ნაციონალური მოძრაობიდან“, რამდენადაც ვიცი, ბოლო ერთი წელი“, — აცხადებს მამულაშვილი.
მამულაშვილის თქმით, „ქართული ლეგიონი“ უკრაინის ჯარში ყველაზე დიდი უცხოური დანაყოფია, რომელიც 33 სხვა ეროვნების ადამიანს აერთიანებს.
„ამას ხედავენ უკრაინელები, ჩვენი დასავლელი მეგობრები, ევროპელები, მაგრამ ამას ვერ ხედავს ღარიბაშვილი, რომელსაც ეს ჰგონია პოლიტიკური პარტია, სამწუხაროდ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, დაკავდნენ საქართველოს ინტერესების დაცვით“, — განაცხადა მამუკა მამულაშვილმა.
***
7 დეკემბერს ირაკლი ღარიბაშვილმა მამუკა მამულაშვილი „ნაციონალურ მოძრაობასთან" კავშირში დააკავშირა და აღნიშნა, რომ მისი და იყო დეპუტატი ამ პარტიიდან.
„არის რამდენიმე ათეული ადამიანი, სააკაშვილის ომის პარტიის, იმ პარტიის, ვინც ჩვენი ტერიტორიები დაკარგა და ჩააბარა რუს ოკუპანტს და ომის შემდეგ გადასცა სტრატეგიული ობიექტები, მათ მიერ წაყვანილი და ორგანიზებული. ზოგიერთი მათგანი არის დღესაც პარტიის მოქმედი წევრი. მაგალითად, მამულაშვილი, რომელიც არის სააკაშვილის ძალიან დიდი მხარდამჭერი. მისი და იყო „ნაცმოძრაობიდან“ პარლამენტის წევრი. ეს ადამიანი ერთვება საერთაშორისო კონფერენციებს, ამბობს, რომ იქ ომობს და ა.შ. ჯერ მე ასე მესმის, მინდა მივმართო ამ ადამიანს, მამულაშვილს და მისნაირებს, პოლიტიკურად ანგაჟირებულებს: ღმერთმა მოგცეს საშუალება, რომ იომე, მაგრამ ეს პარტიული ჩართვები და მით უმეტეს, რამდენიმე ადამიანის პოლიტიკური ჩართვები მოვისმინე თქვენს ტელევიზიებში. პოლიტიკური განცხადებების გაკეთება ომის ფრონტიდან, მე არ ვიცი, რა სტილია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.