პუტინმა აღიარა, რომ რუსეთის არმიას ფრონტზე პრობლემები აქვს და ხანგრძლივი ომისთვის შეამზადა
07/12/2022 16:54:14 მსოფლიო
უკრაინის საომარ ზონაში იყო „პრობლემები“ და ისინი შეიძლება კვლავ წარმოიშვას, – განაცხადა კრემლის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა 7 დეკემბერს რუსეთის ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრებთან შეხვედრისას.
მისი თქმით, შედეგების მიღწევა უკრაინის ფრონტზე, სადაც არმია ცხრა თვეზე მეტია, იბრძვის, "შეიძლება ხანგრძლივი პროცესი იყოს".
იხილეთ ასევე: ოპერატიულიდან სტრატეგიულ სიღრმემდე: თვისობრივად ახალი ფაზა რუსეთ–უკრაინის ომში
მაგრამ, როგორც პუტინმა აღნიშნა, „ახალი ტერიტორიების გაჩენა მნიშვნელოვანი შედეგია რუსეთისთვის" და გაიხსენა, რომ "პეტრე დიდი იბრძოდა აზოვის ზღვაზე გასასვლელად".
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის "ყველაზე დიდი შედეგი" (რომელსაც ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, რუსი სამხედროების სახით, მძიმე ფასად უჯდება რუსეთის ეკონომიკას და ყველაზე გარიყულ სახელმწიფოდ აქცია მსოფლიოში), პუტინის თქმით, იყო მილიონობით ახალი მაცხოვრებლის შეძენა.
„რეფერენდუმის შედეგებმა აჩვენა, რომ ხალხს სურს რუსეთში ყოფნა. და ისინი თავს ამ სამყაროს ნაწილად თვლიან, ამ სივრცის ნაწილად, ჩვენი საერთო კულტურის, ტრადიციების, ენის ნაწილად. ისინი ახლა ჩვენთან არიან“, - განაცხადა პუტინმა.
ინფორმაციისთვის: რუსეთმა 24 თებერვლის შემდეგ უკრაინის მხოლოდ ერთი რეგინული ცენტრის – ხერსონის დაკავება შეძლო და საკუთარ ნაწილად გამოაცხადა ყალბი რეფერენდუმის საფუძველზე, თუმცა დაახლოებით, ერთ თვეში მოუხდათ ცენტრის დატოვება რუს სამხედროებს უკრაინის არმიის ზეწოლის ფონზე.
პუტინი, რომლის არმიამაც ფართომასშტაბიანი ომი გააჩაღა დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე და ამ დრომდე იქ რჩება, კვლავ შეუდგა მტკიცებას, რომ რუსეთს ომი არ დაუწყია: „2014 წელს, უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, ეს დაიწყო უკრაინის მაშინდელმა ხელისუფლებამ, რომელიც სწორედ ამ გადატრიალების დახმარებით მოვიდა ხელისუფლებაში დონბასში მცხოვრები მოქალაქეების ნების აღსაკვეთად“.
პუტინმა კვლავ გაიმეორა რუსული პროპაგანდისტული მანქანის მრავალწლიანი ნარატივი იმის შესახებ, რომ დასავლეთ უკრაინის ტერიტორიების მითვისებას პოლონეთი აპირებს და თავი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის გარანტად გამოაცხადა:
"უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ერთადერთი რეალური გარანტი მის ამჟამინდელ საზღვრებში შეიძლება, იყოს რუსეთი".
რუსეთი ბოლო პერიოდში არაერთხელ გამოვიდა მოლაპარაკებების მოწოდებით. მეტიც, კრემლის პრეს–სპიკერმა ფაქტობრივად, ღიად განაცხადა, რომ მასირებული სარაკეტო შეტევა უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ემსახურება კიევის იძულებას, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. კიევის და დასავლელი პოლიტიკოსების აზრით, მოსკოვი კონფლიქტის გაყინვას ცდილობს, რათა მოემზადოს ახალი შეტევისთვის. ამდენად, უკრანაში, ვერ ხედავენ რა მოსკოვიდან რეალურ განზრახვას მშვიდობის დამყარების თაობაზე, მოლაპარაკებების აზრს ვერ ხედავენ. გარდა ამისა, კიევის ოფიციალური პოზიციაა, რომ მოლაპარაკება შედგება რუსეთის სხვა პრეზიდენტთან, მაგრამ არა ვლადიმირ პუტინთან.


