პეკინს, ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მძლავრმა პროტესტმა, ზომების შემსუბუქება აიძულა
07/12/2022 16:26:25 მსოფლიო
ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულმა კომისიამ უარი თქვა „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკაზე კოროვირუსის მიმართ, შეამსუბუქა რიგი შეზღუდვები, რომლებიც რჩებოდა მაშინაც კი, როდესაც მსგავსი ზომები მოიხსნა მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. პოლიტიკაში მკვეთრი ცვლილებები დაიწყო ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების ფონზე, რამაც აიძულა ქვეყნის ხელმძღვანელობა, სწრაფად მიეღო ახალი გადაწყვეტილებები, – აღნიშნავს Bloomberg.
7 დეკემბერს პეკინმა ნება დართო ზოგიერთ ავადმყოფს, შინ დარჩენილიყვნენ კარანტინის რეჟიმში ნაცვლად ცენტრალიზებულ ბანაკებში გაგზავნისა. ასევე, გააუქმეს ტესტირების მოთხოვნები უმეტეს საზოგადოებრივ ადგილებში შესვლისთვის. გარდა ამისა, მოქალაქეებს შეუძლიათ, გვერდი აუარონ ჯანმრთელობის ელექტრონულ მოწმობებს, რომელიც ყველას უნდა ჰქონოდა სმარტფონში. გამონაკლისია საბავშვო ბაღები, სკოლები და მოხუცთა სახლები.
ხელისუფლება აღარ მოახდენს იმ ტერიტორიების ბლოკირებას, სადაც ავადმყოფები არიან და მხოლოდ ცალკეულ სახლებსა და სართულებს ჩაკეტავს. ასეთ პირობებში კარანტინი ხუთ დღემდე შემცირდება. საწარმოებისა და სატრანსპორტო კომპანიების მუშაობა, სადაც დაავადების შემთხვევები დაფიქსირდა, არ შეჩერდება. სწავლას განაახლებს ის სკოლები, სადაც არავინ ავადობს.
მანამდე პეკინმა, შანხაიმ, შენჟენმა და რამდენიმე სხვა დიდმა ქალაქმა დაიწყო კოროვირუსული შეზღუდვების შემსუბუქება. მათ მოსახლეობას უფლება მისცეს, ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით წინა 48 საათის განმავლობაში ჩატარებული ტესტის გარეშე.
მიუხედავად "ნულოვანი ტოლერანტობის" პოლიტიკისა, ჩინეთში ვირუსი ცირკულაციას განაგრძობდა: 28 ნოემბერს ქვეყანაში ინფიცირების 40 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 7 დეკემბერს– 20 764. ინფიცირებულთა უმრავლესობა უსიმპტომოა.
ნოემბრის ბოლოს მკაცრი შეზღუდვებით უკმაყოფილო ჩინეთის მოქალაქეებმა საპროტესტო აქციები გამართეს, რომელიც ყველაზე მასშტაბურად სახელდება 1989 წლის შემდეგ. დემონსტრაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქალაქ ურუმჩიში, სინციან-უიგურის ავტონომიური რეგიონის დედაქალაქში გაჩენილ ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა.
COVID-ის საწინააღმდეგო ღონისძიებების გამო, სახლი, სადაც ხანძარი გაჩნდა, გარედან იყო ჩაკეტილი, რაც მოქალაქეებს არ აძლევდა საშუალებას, ცეცხლს გაქცეოდნენ. ამასთან, პერიმეტრზე ლითონის ღობეები იყო აღმართული, რამაც ხელი შეუშალა მეხანძრეებს. ამავდროულად, მომიტინგეების ნაწილი ეწინააღმდეგებოდა არა მხოლოდ კოვიდ–ზომებს, არამედ მოითხოვდა ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის და კომუნისტური პარტიის გადადგომას.
საინვესტიციო ბანკ Goldman Sachs Group-ის შეფასებით, პეკინი საბოლოოდ შეამსუბუქებს COVID-ის საწინააღმდეგო ზომებს 2023 წლის აპრილისთვის. ამაზე გავლენას მოახდენს როგორც პროტესტი, ასევე ეკონომიკაზე მიყენებული ზიანი. ამავე დროს, ჩინეთის ხელისუფლება საკუთარი პოლიტიკის მძევლად იქცა: მკაცრი შეზღუდვების ერთდროულად მოხსნამ შეიძლება, გამოიწვიოს 6 მილიონი ადამიანის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოხვედრა კოვიდის მძიმე მიმდინარეობი – აღნიშნავენ Bloomberg–ის გამოკითხული ექსპერტები.


