პუტინმა მობილიზაციის „მეორე ტალღის“ შესაძლებლობაზე გააკეთა კომენტარი
07/12/2022 14:38:51 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე ქვეყანაში მობილიზაციის მეორე ტალღის შესახებ შეკითხვას უპასუხა. მისი თქმით, ახლა „დამატებით მობილიზაციას“ აზრი არ აქვს.
„შესაძლო შემდგომ მობილიზაციასთან დაკავშირებით – 300 000 მობილიზებულიდან 150 000 არის ოპერაციის არეალში, ანუ ნახევარი. ამ 150 ათასიდან ნახევარი - 77 ათასი - საბრძოლო ნაწილებშია. დანარჩენები მეორე ან მესამე ხაზზე არიან და ასრულებენ ტერიტორიული თავდაცვის ფუნქციას. კიდევ 150 000 იმყოფება სასწავლო მოედნებზე და სასწავლო ცენტრებში, სადაც გადიან დამატებით მომზადებას. ამ პირობებში სახელმწიფოსა და თავდაცვის სამინისტროსთვის დამატებითი მობილიზაციის საჭიროება არ არის“, - განაცხადა პუტინმა.
რუსული ოპოზიციური მედია მობილიზაციის ახალი ტალღის დაწყებას იანვარში ელის. კრემლმა ეს კატეგორიულად უარყო, თუმცა არსებული პრაქტიკა ომის მოწინააღმდეგეებს სიმშვიდის საფუძველს არაძლევს: ვლადიმირ პუტინის მიერ მობილიზაციის გამოცხადებამდე ორიოდე დღით ადრე სწორედ ასევე კატეგორიულად უარყოფდნენ მსგავს შესაძლებლობას.
"რუსეთის ხელისუფლებამ პირდაპირ უპასუხა ჭორებს მობილიზაციის მეორე ტალღის შესახებ, ცდილობს რა, შეაკავოს სოციალური მღელვარება“,– ფიქრობენ ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) მკვლევრებიც ვლადიმირ პუტინის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის 6 დეკემბერის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც მოუწოდა რუსებს, არ მიაქციონ ყურადღება „პროვოკაციულ ცნობებს“ რუსეთში მობილიზაციის გაგრძელების შესახებ.
„პესკოვის მტკიცება სავარაუდოდ, მიზნად ისახავს რუსული ოპოზიციის და ომის მომხრე ტელეგრამ–არხების მზარდი გავლენის დისკრედიტაციას, რომლებიც მუდმივად იუწყებიან მობილიზაციის 2023 წელს გაგრძელების თაობაზე კრემლის განზრახვის ნიშნების შესახებ“, - ნათქვამია მოხსენებაში.
ანალიტიკოსებიც ვარაუდობენ, რომ მოსკოვი ამზადებს ნიადაგს შემდგომი მობილიზაციისთვის:
„როგორც ჩანს, კრემლი შორდება ომის შეზღუდულ რიტორიკას (რომელიც გამოიყენებოდა საზოგადოებაში ომის შესახებ შიშის შესამსუბუქებლად) საზოგადოების მოსამზადებლად შემდგომი მობილიზაციის ტალღებისთვის“.
კერძოდ, ISW იხსენებს, რომ ბელგოროდისა და კურსკის რაიონებში გამოაცხადეს ტერიტორიული თავდაცვის რაზმების ფორმირების შესახებ, ბევრ მშვიდობიან მოქალაქეს გააცნეს ომი "რუსეთის სასაზღვრო რეგიონებზე უკრაინის სახმელეთო თავდასხმის საფრთხის აბსურდული საბაბით".
ამავდროულად, მოხსენების ავტორების აზრით, მობილიზაციის მეორე ტალღა, საყოველთაო მობილიზაცია და ომის ფორმალური გამოცხადებაც კი არ მოხსნის რუსეთის არმიისთვის დამახასიათებელ შეზღუდვებს მოკლევადიან პერსპექტივაში.


