
ჩხაიძე: "სააკაშვილი ვერ იკვებება თუ არ, ეს შეიძლება, მის ძირითად დაავადებასთან იყოს კავშირში"
07/12/2022 12:24:57 საზოგადოება
"ვივა მედის" კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა დაადასტურა, რომ პაციენტი არასრულფასოვნად იკვებება და არაა საუბარი გამოცხადებულ შიმშილობაზე
ჩხაიძის თქმით, სააკაშვილის სამედიცინო ისტორიაში დაფიქსირებულია, რომ არასრულფასოვნად და მცირე ულუფებით იკვებება. ჩხაიძის თქმით, მას სააკაშვილი შიმშილობაში არ დაუდანაშაულებია და ვერ ან არ კვება შესაძლოა, მის ძირითად დაავადებასთან იყოს კავშირში.
"ისტორიაში, რა თქმა უნდა, დაფიქსირებულია, რომ პაციენტი იკვებება არასრულფასოვნად. ისიც, მცირე ულუფებით. და ხშირ შემთხვევაში არ იკვებება. [...] ვერ იკვებება ადამიანი, თუ არ იკვებება, ეს „არ” შეიძლება დაკავშირებული იყოს მის ძირითად დაავადებებთან, ამაზეა საუბარი, ძირითადი დაავადება არის, რა თქმა უნდა, გამომწვევი იმისა, რომ არ ხდება სრულფასოვნად საკვების მიღება", – განაცხადა ჩხაიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ნაზოგასტრალური ზონდით კვება პაციენტთან შეთანხმებით ხდება მაშინ, როცა პაციენტი საკვებს ვერ იღებს. ჩხაიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში ეს საკითხი ჯერ–ჯერობით არ დამდგარა, რადგან "მისი ლაბორატორიული კვლევის შედეგები, მისი ზოგადი მონაცემები არ იძლევა ამის აუცილებლობას" :
"რაც შეეხება ნაზოგასტრალური ზონდით კვებას, არსად ხსენებული არ იყო რომ იძულებით კვებაზეა აქ საუბარი. თუ ადამიანს აქვს საკვების მიღების პროცესში გულისრევის შეგრძნება, ღებინება და ვერ ან არ იღებს ამის გამო საკვებს, აი ამ შემთხვევაში გამოიყენება ნაზოგასტრალური ზონდი, მაგრამ, რა თქმა უნდა, პაციენტთან შეთანხმებით ხდება ეს".
მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმის თამარ დავარაშვილის თქმით, "სააკაშვილი საკვებს მცირე უფლებებით იღებს და ირგებს". როგორც ექიმმა "ფორმულასთან" საუბრისას აღნიშნა, მას არც ერთ სამედიცინო დოკუმენტში არ უწერია, რომ ყოფილი პრეზიდენტი საკვებს გამიზნულად არ იღებს.