
გერმანიაში მთავრობის დამხობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულთა შორის რუსეთის მოქალაქეც ფიგურირებს
07/12/2022 11:05:33 მსოფლიო
გერმანიაში მთავრობის დამხობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულთა შორის რუსეთის მოქალაქეც ფიგურირებს, – იუწყება DW.
მისი ცნობით, 25 დაკავებულიდან 24 გერმანიდან, ხოლო ერთი პირი ვიტალია ბ. რუსეთიდან არის.
გერმანული პროკურატურის ცნობით, დაკავებულთა შორის არის პრინცი ჰაინრიხ XIII, რომელსაც შეთქმულების მონაწილეები გერმანიის ხელისუფლებაში მოსასვლელად ამზადებდნენ. ამასთან, ცნობილი ხდება, რომ ჰაინრიხ XIII-ს კონტაქტი ჰქონდა რუსეთის ოფიციალურ პირებთან, რათა მთავრობის დამხობის შემდეგ გერმანიაში ახალი წესრიგი ჩამოეყალიბებინა. როგორც DW იტყობინება, დაკავებული რუსი ქალი ვიტალია ბ. ჰაინრიხ XIII-ს ამ კონტაქტების დამყარებაში ეხმარებოდა.
გერმანული მედიის ცნობით, დაკავებულებს შორის ასევე არიან ბუნდესვერის სპეციალური დანიშნულების რაზმის მოქმედი წევრი და რამდენიმე რეზერვისტი.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება 2021 წლის ნოემბრიდან მიმდინარეობდა. გამოძიების ცნობით, შეთქმულების მონაწილეები ბუნდესტაგის შტურმს და პოლიტიკოსების მძევლად აყვანას გეგმავდნენ. პროკურატურის ვერსიით, მათ იმედი ჰქონდათ, რომ ამის შემდეგ გერმანიაში არეულობა დაიწყებოდა, რასაც გადატრიალება მოჰყვებოდა.