პოლონეთი გერმანული Patriot-ების ქვეყნის ტერიტორიაზე განსათავსებლად ემზადება
07/12/2022 09:12:44 მსოფლიო
პოლონეთი გერმანული Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების ქვეყნის ტერიტორიაზე განსათავსებლად ემზადება. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის თავდაცვის მინისტრი მარიუშ ბლაშჩაკი ავრცელებს.
„გერმანიის თავდაცვის უწყებასთან საუბრის შემდეგ, იმედგაცრუებული ვარ, რომ უარი უნდა განვაცხადო უკრაინისთვის დახმარების გაწევაზე. დასავლეთ უკრაინაში Patriot-ების განლაგება გაზრდიდა პოლონელებისა და უკრაინელების უსაფრთხოებას. ასე რომ, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რათა Patriot-ები პოლონეთში განვათავსოთ და ისინი ჩვენს სამეთაურო სისტემას დავუკავშიროთ“, - განაცხადა ბლაშჩაკმა.
ცნობისთვის: გერმანიამ პოლონეთს მისი საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად "Patriot" მას შემდეგ შესთავაზა, რაც 15 ნოემბერს უკრაინაზე რუსეთის სამხედრო ძალების მასირებული სარაკეტო შეტევისას პოლონეთში, უკრაინასთან საზღვრის მახლობლად ჩამოვარდა რაკეტა, რომლის აფეთქებამ 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. პოლონეთის, აშშ-ისა და ნატო–ს განცხადებით, პოლონეთის ტერიტორიაზე უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ რუსეთის იერიშის მოსაგერიებლად ნასროლი რაკეტა ჩამოვარდა, თუმცა აღნიშნეს, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომს და მასირებულ სარაკეტო შეტევებს განაგრძობს.
მოგვიანებით, პოლონეთმა გერმანიას მიმართა მისთვის შეთავაზებული Patriot-ს ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინისთვის გადაეცა. "ნატო-ს თავდაცვითი სისტემების მისი ტერიტორიის მიღმა გამოყენებას, ალიანსის ყველა წევრის თანხმობა სჭირდება", – ასე უპასუხა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინ ლამბრეხტმა პოლონეთის მიმართვას.


