აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და პენტაგონის ხელმძღვანელმა რუსეთის აეროდრომებზე თავდასხმის თაობაზე კომენტარი გააკეთეს
07/12/2022 06:14:28 მსოფლიო
შეერთებულ შტატებს არ წაუხალისებია და არ მიუწოდებია უკრაინული ძალებისთვის შესაძლებლობები, მიიტანოს დარტყმები რუსეთის სიღრმეში,– განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 6 დეკემბერს რუსეთის სამხედრო აეროდრომებზე მიტანილი იერიშის შესახებ თემის კომენტირებისას.
”ჩვენ ვნახეთ ცნობები ამ დარტყმების შესახებ, მე არ მაქვს ამაზე უფრო დეტალური ინფორმაცია”, - დასძინა სახელმწიფო მდივანმა.
ბრიფინგზე მან ისაუბრა კიევის თავდაცვისთვის საჭირო აღჭურვილობით უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე, კერძოდ, რუსეთის მიერ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიტანილი მასიური იერიშების და კრემლის მიერ ზამთრის იარაღად გამოყენების მცდელობის გათვალისწინებით.
იმავდროულად აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ აშშ არ ცდილობს, ხელი შეუშალოს უკრაინას საკუთარი შესაძლებლობების განვითარებაში, შორ მანძილზე მიიტანოს დარტყმები.
”მოკლე პასუხი – არა, ჩვენ ამას ნამდვილად არ ვაკეთებთ. ჩვენ არ ვმუშაობთ იმაზე, რომ ხელი შევუშალოთ უკრაინას საკუთარი შესაძლებლობების განვითარებაში“, - განუცხადა ოსტინმა ჟურნალისტებს.
6 დეკემბერს, დილით, რუსეთის კურსკის ოლქის გუბერნატორმა რომან სტაროვოიტმა განაცხადა, რომ დრონის თავდასხმის შემდეგ რეგიონის აეროდრომზე ხანძარი გაჩნდა.
წინა დღეს, 5 დეკემბრის დილას ცნობილი გახდა აფეთქებების შესახებ ენგელსის სტრატეგიულ საავიაციო აეროდრომზე და დიაგილევოს საჰაერო ბაზაზე. დიაგილევოში, რომელიც ფრონტის ხაზიდან 500 კილომეტრშია, განლაგებულია ილ-76 ტიპის თვითმფრინავები, შორი დისტანციის ავიაციის პილოტების საბრძოლო გამოყენებისა და გადამზადების 43-ე ცენტრი. ხოლო ენგელსის აეროდრომზე, რომელიც ფრონტის ხაზიდან 700 კილომეტრშია განთავსებული სტრატეგიული ბომბდამშენები.
იხილეთ ასევე: ოპერატიულიდან სტრატეგიულ სიღრმემდე: თვისობრივად ახალი ფაზა რუსეთ–უკრაინის ომში


