
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი: "ჩვენ არ შეგვიძლია, ნება დავრთოთ ევროკავშირის ერთ წევრ ქვეყანას, დაბლოკოს უკრაინისთვის 18–მილიარდიანი დახმარება"
06/12/2022 16:06:03 მსოფლიო
ევროკავშირის მაღალჩინოსნები პირობას დებენ, რომ უნგრეთმა ვეტოს მიუხედავად, უზრუნველყოფენ უკრაინამ მიიღოს18 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარება.
"ევროკავშირმა უკრაინასთან დაკავშირებით გაცემული დაპირება უნდა შეასრულოს. უკრაინა ომშია. მას გადაუდებლად სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა და ჩვენ არ შეგვიძლია, ნება დავრთოთ ევროკავშირის ერთ წევრ ქვეყანას, დაბლოკოს უკრაინისთვის 18–მილიარდიანი დახმარება", – განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკიმ.
უნგრეთმა ვეტო დაადო ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს გამოყოფას. ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე უნგრეთის ფინანსთა მინისტრმა მიჰაი ვარგამ დაადასტურა მთავრობის პოზიცია, რომ იგი არ ემხრობა უკრაინისთვის სესხის მიცემას.
მანამდე, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია უნგრეთისთვის განკუთვნილი 13 მლრდ ევრო დაიბლოკოს, რადგან "ორბანის მთავრობამ ვერ შეძლო რეფორმების გატარება კანონის უზენაესობისა და კორუფციასთან ბრძოლის სფეროში".