
„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი: "სააკაშვილი იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს მისთვის სასურველ დღეებში, ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ჭამს, უფრო ალბათ, არ ჭამს"
06/12/2022 13:09:54 საზოგადოება
ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმის ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, სააკაშვილის სასიცოცხლო პატამერტები სტაბილურია და გრძელდება მკურნალობა დაავადებიდან გამომდინარე.
მისი თქმით, ინფორმაცია, რომ მას შესაძლოა დასჭირდეს რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანა, არასწორია, ვინაიდან ამისთვის საჭირო მონაცემები პაციენტს არ აღენიშნება.
რაც შეეხება შეკითხვას, იკვებება თუ არა სრულფასოვნად მიხეილ სააკაშვილი, ექიმი ამბობს, რომ ის სრულფასოვნად არ იკვევა და იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს, მისთვის სასურველ დღეებში:
„მისი დაავადებიდან გამომდინარე, პაციენტს უკეთდება ყველაფერი, ყველა სამკურნალო საშუალება, რაც დღეისთვის გამოიყენება. მოგეხსნებათ, რომ მკურნალობა რთული პროცესია, ძალიან ბევრია დამოკიდებული პაციენტზეც, ამიტომ, რა თქმა უნდა, უნდა იკვებოს სრულფასოვნად. და უნდა ითქვას, რომ სრულფასოვნად არ იკვებება, პაციენტი იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს და ისიც მისთვის სასურველ დღეებში, ყოველდღიურად არა. ეს არ ნიშნავს რომ ვერ ჭამს, უფრო ალბათ არ [ჭამს]".
როგორ ჩხაიძე აცხადებს, თუ ასე გაგრძლედა, იძულებული იქნებიან გამოიყენონ ე.წ. ზონდით კვება.
„ასე თუ გაგრძელდა, რა თქმა უნდა, შეიძლება, ზონდით კვებაზე გადავიყვანოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში, ლაბორატორიული მონაცემები არ იძლევა იმის საშუალებას, გამოყენებული იქნეს ხელოვნური ზონდით კვება, ნაზოგასტრალური ზონდის გამოყენების აუცილებლობა არ არის. თუმცა, თუ ასე გაგრძელდა – შერჩევითი კვება შერჩევით დღეებში, შერჩევით პერიოდში, მაშინ იძულებული ვიქნებით, გამოვიყენოთ ზონდით კვებაც. რეანიმაცია გვაქვს 25 საწოლზე, ყველაფრით უზრუნველყოფილი, მაგრამ მისი პარამეტრები არ შეესაბამება სარეანიმაციო პარამეტრებს. ანუ ჰემოდინამიკური მაჩვენებლები, არტერიული წნევის მაჩვენებლები, სუნთქვის პარამეტრები არ არის სარეანიმაციო. შესაბამისად, არ უტარდება რეანიმაცია. თუ კვების მიღებას არ გააგრძელებს, მაშინ ეს არის ერთ-ერთი მეთოდი“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
ცნობისთვის: კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ იმყოფება. ოჯახი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება. თავის მხრივ, იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ სააკაშვილს საქართველოში სრულფასოვნად მკურნალობენ და მისი გადაყვანა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ განიხილება.
1 დეკემბერს ცენტრმა "ემპათიამ" გამოაქვეყნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა. ამ დოკუმენტის მიხედვით, დაპატიმრების დროს "პრაქტიკულად ჯანმრთელი" მიხეილ სააკაშვილი ახლა სიკვდილის საფრთხის წინაშე დგას. ეს დასკვნა სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს წარუდგინა და პატიმრის გათავისუფლება მოითხოვა.
მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი არევაძეს დაეწერა. სასამართლო პროცესი ამ საქმეზე 9 დეკემბერს ჩაინიშნა.