“პუტინს დასაკარგი აღარ დარჩება”: რა უშლის აშშ-ს ხელს, რუსეთი ტერორიზმის სპონსორად აღიაროს
06/12/2022 11:34:15 მსოფლიო
ევროპის ქვეყნების პარლამენტები და მათთან ერთად ევროპარლამენტიც ერთმანეთის მიყოლებით იღებენ გადაწყვეტილებებს რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ. მაგრამ აშშ მსგავსი გადაწყვეტილებისგან ამ დრომდე თავს იკავებს. თეთრ სახლს ამ ნაბიჯის გადადგმას არც ექსპერტები ურჩევდნენ. თუმცა გარკვეული ძვრები ამ მიმართულებით პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციაში, როგორც ჩანს, მაინც ხდება.
ამასწინათ CNN-ის წამყვანმა ჯეიკ ტეპერმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს ასეთი კითხვა დაუსვა: “რუსეთი ღიად ატერორებს უკრაინელ ხალხს დარტყმებით არა მარტო მოსახლეობის, არამედ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მისამართით. ბევრი კონგრესში, სპიკერ ნენსი პელოსის ჩათვლით, ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდებს, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს. თეთრი სახლი კი ამბობს, რომ მსგავს ნაბიჯს შესაძლოა, გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვეს, როგორიცაა სურსათის ექსპორტის შეფერხებები. მაგრამ უკრაინის ხელისუფლება, გულახდილად რომ ვთქვათ, ამ განმარტებას არ იზიარებს. <…> რატომ არ აღიარებთ რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ?”. ბლინკენის პასუხი ასეთი იყო: “სწორედ ახლა ვმუშაობთ კონგრესთან კანონპროექტზე, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, გვერდი ავუაროთ მსგავსი აღიარების რიგ შესაძლო გაუთვალისწინებელ შედეგებთან დაკავშირებულ სირთულეებს”.
ბლინკენის შეფასებით, “სცადა რა უკრაინის რუქიდან წაშლა, მისი მიწების დაპყრობა, მისი რუსეთისთვის დაქვემდებარება, პუტინმა მარცხი განიცადა და ახლა ცდილობს იარაღად ზამთრის გამოყენებას, ტოვებს რა უკრაინელებს შუქისა და გათბობის გარეშე, რაც ჭეშმარიტი ბარბაროსობაა”. აშშ, მისივე თქმით, ამის საპასუხოდ “უკრაინის მხარდაჭერას აძლიერებს, ზრდის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებისა და ელექტროაღჭურვილობის მიწოდებებს, ხოლო უპრეცედენტო სანქციები, რომლებიც მოკავშირებთან თანამშრომლობით დაწესდა, ნელ-ნელა ძირს უთხრის რუსულ ეკონომიკას”.
საქმე კანონშია
მაგრამ რაში მდგომარეობს ის სირთულეები, რომელიც აფერხებს ვაშინგტონს, რუსეთი ტერორიზმის სპონსორად ოფიციალურად აღიაროს მაშინ, როცა ევროპელმა მოკავშირეებმა ეს უკვე გააკეთეს?
“მსგავსი აღიარება არაა უბრალოდ სიმბოლური აქტი იმ ქვეყნის დასასჯელად, რომელიც ცუდად იქცევა”, - განმარტავს ვანდერბილდის სამართლის სკოლის საერთაშორისო სამართლის კათედრის ხელმძღვანელი, “American Journal of International Law”-ს მთავარი რედაქტორი ინგრიდ ბრანკ ვერტი. - აშშ-ში მოქმედებს “ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების შესახებ” კანონი, რომელიც “შავ სიაში” მოხვედრილი ქვეყნების მიმართ კონკრეტულ ღონისძიებებს ითვალისწინებს. ევროკავშირსა და მასში შემავალ ქვეყნებში კი მსგავსი კანონი არ არსებობს, ამიტომაც ბალტიის სახელმწიფოების, პოლონეთის, ჩეხეთის, ნიდერლანდებისა და სხვა ევროპული ქვეყნების მიერ მიღებულ რეზოლუციებს იურიდიული შედეგები არ აქვს”.
მართლაც, ევროპარლამენტის შესაბამის რეზოლუციაში, კერძოდ, ნათქვამია: “ვინაიდან ევროკავშირს ამჟამად სახელმწიფოების ტერორიზმის სპონსორებად აღიარება არ შეუძლია, პარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირსა და მის წევრებს, შექმნან აუცილებელი საკანონმდებლო საფუძველი და განიხილონ მსგავს სიაში რუსეთის შეყვანის საკითხი”.
ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების ამერიკულ სიაში ამჟამად ოთხი ქვეყანაა: კუბა, ირანი, სირია და ჩრდილოეთ კორეა. სიაში ქვეყნის ჩამატებას ორი ძირითადი შედეგი ექნება:
ამერიკელთა (მოქალაქეების, სამხედროების, სახელმწიფო მოხელეების) შესაძლებლობა, ამ ქვეყნის წინააღმდეგ სარჩელები წარადგინონ, ვინაიდან სუვერენული სახელმწიფოს იმუნიტეტი იხსნება;რადიკალურად გაფართოვდება სანქციები, რომლებიც სახელმწიფოს ფაქტობრივად, საერთაშორისო დონეზე განკვეთილად აქცევს.
“რუსეთის შემთხვევაში ეს ცუდი ვარიანტია” – თვლის ვერტი, რომლის აზრით, რიგი შედეგები ნეგატიური იქნება როგორც აშშ-ის ინტერესებისთვის, ისე უკრაინისთვის, რუსეთს კი შესაძლოა, მხოლოდ წაეხმაროს.
გაუთვალისწინებელი შედეგები
ვინაიდან საჩივრების წარდგენა და გაყინულ აქტივებზე პრეტენზიის ქონა მხოლოდ ამერიკელებს შეუძლიათ, სასამართლოში მათი გამარჯვება უკრაინასა და უკრაინელებს სამომავლო კომპენსაციების ნაწილის გარეშე დატოვებს, მით უფრო, რომ რუსეთის ტერორიზმის სპონსორად აღიარება ნავარაუდევია, მათ შორის, ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიაში, ასევე, მაგალითად, ლიბიასა და სუდანში მისი ქმედებების საფუძველზე, ანუ, პოტენციური მომჩივანების წრე ფართოვდება.
გარდა ამისა, სასამართლო პრეტენზიები გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით აშშ-ს მშვდობიანი დარეგულირების მიზნით სამომავლო მოლაპარაკებებზე ისეთ კოზირს წაართმევს, როგორიცაა მათი ნაწილობრივი განყადაღება ან უკრაინისთვის რეპარაციებად გამოყენება, - აღნიშნავენ “International Crisis Group”-ის (ICG) ექსპერტები, რომელთა აზრით, რუსეთის ტერორიზმის სპონსორად აღიარება მხოლოდ და მხოლოდ კონტრპროდუქტიული ნაბიჯი იქნება, რომელიც მთლიანობაში დიპლომატიის შესაძლებლობებს შეამცირებს. “თუ ახლა ეს ნაბიჯი გადაიდგმება, პუტინს დასაკარგი აღარაფერი დარჩება, სამომავლოდ კი ეს შეიძლება, ზეწოლის ინსტრუმენტად იქცეს. გარდა ამისა, ეს გააპრობლემებდა სანქციების ეტაპობრივი მოხსნის სინქრონიზაციას სამომავლო სამშვიდობო შეთანხმების პირობებთან, ტერორიზმის სპონსორად აღიარება კი მნიშვნელოვან წინაღობებს დაამატებს ამ მიმართულებით”, - განმარტავენ ICG-ში.
პუტინს აღარაფერი ექნება დასაკარგი სხვა ასპექტებშიც, როგორიცაა, მაგალითად, უკრაინული პორტებიდან ხორბლის გატანის შესახებ შეთანხმება. გარდა ამისა, ახალი “ანტიტერორისტული” სანქციების გამო რუსეთთან ნებისმიერი კონტაქტები შეიძლება, მიუღებელი გახდეს არაერთი სახელმწიფოსა და კომპანიისთვის და თუ რუსული ეკონომიკის მასშტაბებს გავითვალისწინებთ, ისედაც მყიფე მსოფლიო ეკონომიკისთვის შოკი შეიძლება, მეტისმეტად ძლიერი გამოდგეს”, - დასძენენ ICG-ში.
ცნობისთვის: მიუხედავად იმისა, რომ მრავალმა უცხოურმა კომპანიამ რუსეთი დატოვა, ზოგიერთი, მაგალითად ფრანგული Auchan და TotalEnergies, აგრძელებენ მუშაობას. პირველი აცხადებს, რომ ადამიანებს საკვებით ამარაგებს, მეორე – რომ ეხმარება ევროპას ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ამარაგებს რა მას (“Новатэк”-თან პარტნიორობით) თხევადი გაზით.
ამასთან, რუსეთის პარტნიორები ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში (სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი და ყირგიზეთი) უკვე ღელავენ იმის თაობაზე, რომ მოსკოვის ტერორიზმის სპონსორად აღიარება ამ კავშირის დაშლას გამოიწვევს, - აღნიშნავს ICG და იქვე დასძენს, რომ დესტაბილიზაცია შეიძლება, შეეხოთ ცენტრალური აზიის, ასევე კავკასიის ქვეყნებს, თურქეთს და ევროკავშირის რიგ სახელმწიფოებსაც კი.
“ამგვარად, თუ კონგრესს სურს, რუსეთს დამატებითი სანქციები დააკისროს, ეს ამ მიზნებზე მორგებული კანონმდებლობის საშუალებით უნდა გააკეთოს და არა “ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ” ყოვლისმომცველი აღიარებით, რომელსაც გაუთვალისწინებელი შედეგები შეიძლება, მოჰყვეს” – ასკვნის ინგრიდ ბრანკ ვერტი.


