Accentnews.ge
NYT: სანქციების მიუხედავად, რუსეთმა რაკეტების წარმოება განაგრძო

NYT: სანქციების მიუხედავად, რუსეთმა რაკეტების წარმოება განაგრძო

06/12/2022 09:55:17 მსოფლიო

დასავლური სანქციების მიუხედავად, რუსეთს უკრაინაზე დარტყმებისთვის ფრთოსანი რაკეტა Х-101-ის წარმოება არ შეუწყვეტია, - წერს "The New York Times"-ი "Conflict Armament Research"-ის ექსპერტებზე დაყრდნობით.

დამოუკიდებელი ბრიტანელი მკვლევარები უკრაინის ხელისუფლების მიწვევით კიევში ჩავიდნენ და რუსეთის მიერ 23 ნოემბერს უკრაინის ენერგეტიკული ობიექტების მისამართით გაშვებული რაკეტების ნარჩენები შეისწავლეს.

ექსპერტების დასკვნის თანახმად, ერთ-ერთი ასეთი რაკეტა რუსეთში მიმდინარე წლის ზაფხულშია აწყობილი, როცა დასავლური სანქციები უკვე ძალაში იყო, მეორე - სექტემბერში. ამის დადგენა ქარხნული მარკირების წყალობით მოხერხდა.

მარკირება 13 ციფრისგან შედგება, რომელთაგან პირველი სამი მწარმოებელ ქარხანაზე მიუთითებს, მომდევნო სამი - რაკეტის მოდიფიკაციაზე. მათ მოსდევს წარმოების თარიღი და სერიული ნომერი. ამასთან, პირველი სამი ციფრი ყოველთვის უცვლელია - 315 და მიუთითებს მოსკოვის ოლქის ქალაქ დუბნაში მდებარე საწარმო "რადუგაზე", - განმარტავს ექსპერტთა ჯგუფის წევრი, პოლონელი პეტრე ბუტოვსკი.

"ეს ფაქტები აბათილებს დასავლელი ჩინოსნების განცხადებებს იმის შესახებ, რომ რუსეთს მაღალი სიზუსტის შეიარაღება ელევა. სანქციების მიუხედავად, რუსეთს შეეძლო, მოეძიებინა ნახევარგამტარებისა და სხვა აუცილებელი ელემენტების შეძენის გზები, ან მათი ომამდე შექმნილი მარაგი ჯერ არ ამოსწურვია" - ამბობს "Conflict Armament Reasearch"-ის გამოძიების ხელმძღვანელი დემიენ სპლიტერსი.

თავის მხრივ, პენტაგონში განაცხადეს, რომ რუსეთმა უკრაინის მისამართით მაღალი სიზუსტის ათასობით რაკეტა გაუშვა, ფრთოსანისა და ბალისტიკურის ჩათვლით. ამოწურა თუ არა მოსკოვმა მარაგები, გაურკვეველია, თუმცა ფაქტია, რომ რუსული არმია უკვე საკმაოდ ხშირად იყენებს ძველ საბრძოლო მასალას, რომელიც ეროვნული მარაგების უდიდეს ნაწილს შეადგენს, - განმარტავენ ამერიკელი სამხედრო ჩინოსნები.

ნოემბრის ბოლოს აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის მაღალი სიზუსტის შეიარაღების დასამზადებლად აუცილებელი კომპონენტების მიწოდება "საგრძნობლადაა შემცირებული" და რომ მოსკოვს "გაუჭირდება ახალი რაკეტების სწრაფი წარმოება მიკროჩიპებსა და სხვა მიკროელემენტებზე დაწესებული სავაჭრო შეზღუდვების გამო".

ცნობისთვის: უკრაინის მორიგი - 10 ოქტომბერს დაწყებული მასირებული დაბომბვისას რუსეთმა 70 რაკეტა გაუშვა. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, მათ შორის იყო 38 ერთეული ფრთოსანი რაკეტა Х-101 და Х-555, 22 ერთეული ფრთოსანი რაკეტა "კალიბრი", 10 ერთეული ფრთოსანი Х-22, Х-59 და Х-31П. "ჯამში 60-ზე მეტი რაკეტა იქნა ჩამოგდებული" - იუწყება უკრაინული მხარე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S