ISW – რუსეთის ავიაბაზებზე დარტყმა აჩვენებს, რომ უკრაინას შეუძლია შეტევა რუსეთის ზურგში
06/12/2022 07:24:14 მსოფლიო
"ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" (ISW) შეფასებით, 5 დეკემბერს რუსეთის ორ სტრატეგიულ, საავიაციო ბაზაზე დარტყმები, როგორც ჩანს, უკრაინის ძალებმა განახორციელეს და ამით აჩვენეს, რომ შეუძლიათ შეტევა რუსეთის ზურგში და სავარაუდოდ, უკრაინის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის დარტყმების კამპანიის ჩაშლაც.
ISW ყურადღებას ამახვილებს, რომ რიაზანის და სარატოვის ოლქებში მდებარე აეროდრომებზე განთავსებულია სტრატეგიული ბომბდამშენების ნაწილი, რომელსაც რუსეთი იყენებს უკრაინის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის.
ამერიკელი ანალიტიკოსები წერენ რუსი სამხედრო ბლოგერების უკმაყოფილებაზეც, რომ რუსეთის სამხედრო ძალებს არ შეუძლიათ აღკვეთონ უკრაინის დარტყმები რუსეთის სტრატეგიულ, საავიაციო ბაზებზე, რომლებიც უკრაინელების პოზიციებიდან 700 კილომეტრითაა დაშორებული.
5 დეკემბერს დილით რუსული მედიასაშუალებებით გავრცელდა ცნობები, რომ რუსეთის რიაზანის და სარატოვის ოლქებში მდებარე სამხედრო ბაზების აეროდრომებზე მოხდა თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, დაიღუპა 3 რუსი სამხედრო და დაზიანდა სტრატეგიული ბომბდამშენები. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ეს ინფორმაცია მხოლოდ ღამით დაადასტურა და შეტევაში უკრაინა დაადანაშაულა. უკრაინას ოფიციალურად ამ დრომდე არ განუცხადებია, რომ რუსეთის სამხედრო აეროდრომებზე დარტყმები განახორციელა.
დღეს დილით რუსეთის კურსკის ოლქის გუბერნატორმა რომან სტაროვოიტმა განაცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმა განხორციელდა ქალაქ კურსკთან მდებარე აეროდრომის რაიონში და ხანძარი გაუჩნდა ნავთობის საცავს.


