FT: ათობით რუსული ტანკერი შავ ზღვას ვერ ტოვებს
06/12/2022 07:18:55 მსოფლიო
რუსულ პორტებში ნავთობით დატვირთული ათობით ტანკერი თურქულ წყლებში რჩება და ბოსფორისა და დარდანელის გავლაზე ოფიციალური ანკარის თანხმობას ელის, - იუწყება "Financial Times" ნავთობინდუსტრიაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
ცნობისთვის: ორშაბათს ძალაში შევიდა აშშ-ის, ევროკავშირისა და G7-ის აკრძალვა ერთ ბარელში 60 დოლარზე მეტად შეფასებული რუსული ნავთობის ტრანსპორტირების დაზღვევასა და მომსახურებაზე, რის შემდეგაც თურქეთი გადამზიდავებისგან დამატებით მტკიცებულებებს მოითხოვს მათი ტვირთების დაზღვეულობის შესახებ.
შედეგად სულ მცირე, 19 ტანკერი შავ ზღვას ვერ ტოვებს. პირველი მათგანი, გამოცემის ინფორმაციით, ნებართვას 29 ნოემბრიდან ელის.
FT-ის ცნობით, თურქეთს სურს, დარწმუნდეს, რომ ხომალდების შეჯახების ან სხვა ინციდენტებისა და შედეგად ნავთობის დაღვრის შემთხვევაში მესაკუთრეები ავარიების ლიკვიდაციის ხარჯების დაფარვას შეძლებენ.
ანკარა, მისი მონაცემებით, ამჯერად გაცილებით მეტ საბუთს მოითხოვს, ვიდრე აკრძალვის ძალაში შესვლამდე.
ამასთან, როგორც გამოცემა აღნიშნავს, თურქეთის მსგავსი მოქმედების გამო პრობლემები ექმნებათ ნავთობის არა მარტო რუს, არამედ ყაზახ ექსპორტიორებსაც, - ტანკერებზე არსებული ნავთობის უმეტესობა ხომ სწორედ მათია და ნავთობსადენებით შავ ზღვაში არსებულ რუსულ პორტებს მიეწოდება.
მანამდე "Financial Times"-მა დაწერა, რომ რუსეთმა სანქციების მოლოდინში ტანკერების საკუთარი "ჩრდილოვანი ფლოტი" შექმნა, რომელიც 100-მდე ხომალდს ითვლის. ისინი რუსული კომპანიების მიერ დაიზღვევიან, ან ეცდებიან, ტვირთი დაზღვევის გარეშე გადაზიდონ.


