უკრაინის საჰაერო ძალებმა სავარაუდოდ, რუსულ სამხედრო აეროდრომზე დარტყმის შედეგების ამსახველი ფოტოები გამოქვეყნა
05/12/2022 19:59:30 მსოფლიო
უკრაინის საჰაერო ძალებმა გამოაქვეყნეს ფოტოები, რომლებზეც სავარაუდოდ, რუსული სტრატეგიული ავიაციის აეროდრომზე განხორციელებული დარტყმის შედეგებია ასახული.
საჰაერო ძალებმა ორი ფოტო გამოაქვეყნებს კომენტარით, "რიაზან. გგლოვობთ".
ფოტოზე ჩანს დაზიანებული ბომბდამშენ-რაკეტმზიდი და სატვირთო მანქანა. ასევე ჩანს სისხლის კვალი.

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყებოდა, რომ 5 დეკემბრის დილით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა "დრონებით სცადეს" რიაზანის და სარატოვის ოლქებში არსებულ სამხედრო აეროდრომებზე დარტყმების განხორციელება, რის შედეგადაც სამი სამხედრო დაიღუპა, ოთხი დაშავდა.
ამასთან, ირწმუნებიან, რომ დრონის ფრაგმენტების ჩამოვარდნისა და აფეთქების შედეგად, „უმნიშვნელოდ დაზიანდა“ ორი თვითმფრინავის კორპუსი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების თქმით, "უკრაინის არმია აეროდრომებზე თავდასხმით ცდილობდა, ჩაეშალა რუსული შორ მანძილზე მოქმედი ავიაციის საბრძოლო მუშაობა. რუსეთის სამხედრო ობიექტებზე დარტყმების მიუხედავად, რუსეთის არმიამ მოახერხა მასიური დარტყმა უკრაინის თავდაცვისა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე".
მანამდე რუსული პროპაგანდისტული რესურსი „ტასი“ იუწყებოდა, რომ აფეთქება საავიაციო ტექნიკის სადგომზე მოხდა. ხოლო ასევე სახელისუფლებო „რია ნოვოსტის“ ცნობით, აეროდრომზე ბენზინმზიდი აფეთქდა.
რაც შეეხება იერიშებს უკრაინის წინააღმდეგ, კიევის ინფორმაციით, შუადღისას შავი ზღვის ფლოტისა და სტრატეგიული ავიაციის გამოყენებით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 70-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა ისროლა. თუმცა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 60 მათგანის ჩამოგდება შეძლეს.
რუსული რაკეტების სამიზნე ისევ ენერგოობიექტები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო.
„მინდა, მადლობა გადავუხადო საჰაერო თავდაცვის ძალებს, ენერგეტიკის სფეროს მუშაკებსა და ჩვენს ხალხს. საჰაერო თავდაცვის ძალებმა რაკეტების უმეტესობა ჩამოაგდეს, ენერგეტიკის სფეროს სპეციალისტები კი უკვე მუშაობენ დაზიანებული ენერგომომარაგების აღსადგენად. ჩვენი ხალხი არასდროს დანებდება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.
მანამდე კიევის სამხედრო ადმინისტრაცია იუწყებოდა, რომ უკრაინის საჰაერო ძალებმა კიევის თავზე რუსული ძალების მიერ გაშვებული 10 რაკეტიდან 9 ჩამოაგდეს.
უკრაინის საჰერო ძალების ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ საჰაერო ბაზირების ფრთოსანი რაკეტები – Х-101/Х-555 და მოძველებული X-22 გამოიყენა. შავი ზღვის ფლოტიდან ისროლეს „კალიბრის“ ფრთოსანი რაკეტები.


