პრაღაში დაიდგა პუტინის ძეგლი ორკის სახით
05/12/2022 19:28:45 მსოფლიო
პრაღაში, საბჭოთა მარშალ ივან კონევის ქანდაკების ადგილზე, პოსტამენტზე აღმართეს ვლადიმირ პუტინის ძეგლი.
გამოცემა Ceske Noviny-ის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი მასზე გამოსახულია ორკის სახით, რომელიც გაზის ონკანს ატრიალებს.
ინსტალაცია დამონტაჟდა ჩეხეთის დედაქალაქის უდიდეს ადმინისტრაციულ რაიონში - პრაღაში 6-ში. ნამუშევარი პლატფორმის "საჩუქარი პუტინს" ინიციატივით გამართულ მჭედელ-მხატვრების საერთაშორისო შეხვედრის ფარგლებში შეიქმნა. მისმა ავტორმა, ჩეხმა მოქანდაკემ დუშან დოსტალმა აღნიშნა, რომ ქანდაკების დამზადებას ორი კვირა და 130 კგ ლითონი დასჭირდა.
პლატფორმის - "საჩუქარი პუტინს"- წარმომადგენლების ჩანაფიქრით, ეს ქანდაკება არის სიმბოლო დღევანდელი რუსეთისა, რომელიც შეიჭრა უკრაინაში და ბუნებრივ რესურსებს, მათ შორის გაზს, თავისი გეოპოლიტიკური ინტერესების გასატარებლად იყენებს.
პლატფორმის კიდევ ერთი წარმომადგენლის მარტინ დრაცკის თქმით, ჩეხეთის დედაქალაქის ხელისუფლებასთან შეთანხმებით, ახალი ინსტალაცია ამ ადგილას დარჩება 2023 წლის იანვრის დასაწყისამდე. ამის შემდეგ, მისი ავტორი, დუშან დოსტალი აპირებს, გაყიდოს ქანდაკება აუქციონზე და მიღებული შემოსავალი უკრაინის დასახმარებლად გამოიყენოს.


