
გრიგოლია – სააკაშვილზე: "წონის ვარდნა ასე თუ გაგრძელდა, თვე-ნახევრის შემდეგ რესურსები ამოიწურება"
05/12/2022 16:30:13 საზოგადოება
სახალხო დამცველის მიერ შეკრებილი კონსილიუმის წევრი, რეანიმატოლოგი გიორგი გრიგოლია კლინიკა „ვივამედში“ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მკურნალ ექიმს შეხვდა.
გრიგოლიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში, რასაც „ვივამედის“ ექიმებიც ადასტურებენ:
„28% წონის კარგვა არის ძალიან დიდი. ითვლება, რომ კრიტიკულია 30% და კრიტიკულის შემდეგ შეიძლება, შეუქცევადი სიტუაციები დაიწყოს. ასეთი წონის ვარდნა თუ გაგრძელდა, კიდევ დაახლოებით თვე, თვე-ნახევრის შემდეგ ორგანიზმის რესურსები ამოიწურება და ნებისმიერი გართულება შეიძლება ჰქონდეს. პირველ რიგში, სისხლდენები იცის კახექსიამ“.
მისი აზრით, არა მარტო კლინიკა „ვივამედში“, არამედ მთლიანად ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილის განკურნება შეუძლებელია.
კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ იმყოფება. ოჯახი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება, იუსტიციის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილს საქართველოში სრულფასოვნად მკურნალობენ და მისი გადაყვანა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ განიხილება.
1 დეკემბერს ცენტრმა "ემპათიამ" გამოაქვეყნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა. ამ დოკუმენტის მიხედვით, დაპატიმრების დროს "პრაქტიკულად ჯანმრთელი" მიხეილ სააკაშვილი ახლა სიკვდილის საფრთხის წინაშე დგას. ეს დასკვნა სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს წარუდგინა და პატიმრის გათავისუფლება მოითხოვა.