ფინეთის მთავრობამ პარლამენტს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ წინადადება წარუდგინა
05/12/2022 11:43:25 მსოფლიო
ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მთავრობამ პარლამენტს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ წინადადება წარუდგინა.
"5 დეკემბერს, ფინეთის მთავრობამ პარლამენტს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ წინადადება წარუდგინა. წინადადების პროექტზე კონსულტაციებმა 1600-მდე პასუხი მიიღო. მთავრობამ განიხილა წინადადება პასუხებზე დაყრდნობით და დასაბუთება შეავსო მთავრობისა და რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამშრომლობის, ალიანსის საკითხების გადაწყვეტაში პარლამენტის როლის შესახებ განმარტებებით", - ნათქვამია ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეკა ჰაავისტო ამბობს, რომ პარლამენტის მიერ გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება იყოს მიღებული უმრავლესობით, რადგან მისი თქმით, საუბარი არ არის მნიშვნელოვანი უფლებამოსილებების საერთაშორისო ორგანიზაციისთვის გადაცემაზე.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მაისში ფინეთმა შვედეთთან ერთად ნატო-ს გაწევრიანების მოთხოვნით მიმართა. პროცესი მოითხოვს ალიანსის 30-ვე წევრის რატიფიცირებას. ნატო-ს ახალი წევრების მიღებისთვის ჯერ მხარდაჭერა თურქეთს და უნგრეთს არ გამოუცხადებია.


