კვლევა – რუსეთი გეგმავდა უკრაინის პარლამენტში ჩამოეყალიბებინა ე.წ. მშვიდობის მოძრაობა, რომელსაც რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო მოძრაობა უნდა აეკრძალა
05/12/2022 09:15:01 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების დამარცხებას კრემლი 10 დღეში გეგმავდა. ამავე პროგნოზის თანახმად, უკრაინის ანექსია, აგვისტოში უნდა დასრულებულიყო, – ამის შესახებ ბრიტანეთის გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტის (RUSI) მიერ მომზადებულ კვლევაშია საუბარი.
რუსეთის სტრატეგიას ჰქონდა როგორც რეგიონალური, ასევე ნაციონალური ელემენტიც - რეგიონულ დონეზე სტრატეგია ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნების იძულებას ითვალისწინებდა. ეროვნულ დონეზე, რუსეთის სტრატეგია მოიაზრებდა ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების ლიდერების ლიკვიდაციას და პარლამენტის შენობის აღებას.
გეგმის მიხედვით, უკრაინის პარლამენტში მსხდომ პრორუსულ პარტიას უნდა ჩამოეყალიბებინა ე.წ. მშვიდობის მოძრაობა, რომლის მხარდაჭერასაც აიძულებდნენ პარლამენტის სხვა წევრებს. აღნიშნულ "მშვიდობის მოძრაობას" უნდა აეკრძალა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო მოძრაობა. რეგიონებს, რომლებიც ოკუპაციას შეეწინააღმდეგებოდნენ, შეუწყდებოდათ ელექტროენერგიის მიწოდება და ფულის მიწოდება ცენტრალური ბანკისგან.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, რუსეთის შეიარაღებული ძალებს უკრაინაში შეჭრიდან 10 დღის შემდეგ ძირითადად მხარდამჭერი ფუნქცია უნდა ჰქონოდათ, ხოლო უკრაინის საოკუპაციო ადმინისტრაციის შექმნა და გამართვა სპეცსამსახურების მოვალეობა იყო.
რუსეთის გეგმის საფუძველს წარმოადგენდა რწმენა, რომ რუსეთის ელვისებური იერიშის ფონზე, უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ან ქვეყნიდან გაიქცეოდა ან მოხერხდებოდა მათი განეიტრალება. ამავდროულად, ელვისებურ იერიშს ჩანაშასხშივე უნდა ჩაეკლა უკრაინული სახელმწიფოს და საზოგადოების მობილიზება. შესაძლო საზოგადოებრივი უკმაყოფილების და საპროტესტო გამოსვლებთან გამკლავება წერტილოვანი დარტყმებით უნდა მომხდარიყო. აღნიშნული ფუნქცია "როსგვარდიის" ნაწილებს უნდა შეესრულებინათ. ხოლო ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნების განეიტრალება რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) მოვალეობაში შედიოდა.
კვლევის ავტორების ცნობით, უკრაინაში შეჭრის გეგმა, უკიდურესად ვიწრო გარემოში შემოშავდა და მის შექმნაში უმთავრესად, მონაწილეობდა ФСБ, მაღალჩინოსნების გუნდი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის ზედა რგოლი. რუსეთის გენერალური შტაბის სამმართველოს უფროსის მოადგილეების დონეზეც კი, უკრაინაში შეჭრის შესახებ არაფერი იყო ცნობილი.
კვლევის ავტორების მტკიცებით, რუსული გეგმის წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი გეგმის უკიდურესად გასაიდუმლოება იყო, რომლის ფარგლებშიც, არ შემუშავებულა სარეზერვო ქმედების გეგმა. ბატალიონის ტაქტიკურმა ჯგუფებმა, მოქმედების ბრძანება, შეჭრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე მიიღეს. არ მომხდარა გეგმის ანალიზი და არ დასმულა საჭირო კითხვები, რომელიც გამოავლენდა სუსტ წერტილებს.


