დღეიდან ევროკავშირში რუსული ნავთობის ზღვით შეტანის აკრძალვა და ზღვრული ფასი ძალაში შევიდა
05/12/2022 06:34:57 მსოფლიო
დღეიდან ამოქმედდა ემბარგო, რომელიც ევროკავშირმა საზღვაო ტანკერებით რუსული ნავთობის იმპორტზე დააწესა. აღნიშნულს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ივნისში დაწესებული სანქციების მეექვსე პაკეტი ითვალისწინებდა.
ამასთან, დღეიდან ძალაში შევიდა ევროკავშირის მიერ დადგენილი, რუსული ნავთობის ზღვრული ფასიც (ერთი ბარელი 60 აშშ დოლარი). მას მხარი დაუჭირეს „დიდი შვიდეულის“ სახელმწიფოებმა და ავსტრალიამაც.
რუსეთი აცხადებს, რომ ახალი პირობებით ნავთობის გაყიდვაზე უარს იტყვის. ვიცე-პრემიერ ალექსანდრ ნოვაკის თქმით, ნავთობს და ნავთობპროდუქტებს გაყიდიან მხოლოდ იმ ქვეყნებში, რომლებიც საბაზრო პირობებში მუშაობას განაგრძობენ. საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, ფასის ზღვარი რუსეთს არ აინტერესებს და პირდაპირ შეუთანხმდებიან იმ პარტნიორებს, რომლებიც ზღვრულ ფასს ყურადღებას არ აქცევენ. მათ შორის ლავროვმა დაასახელა ინდოეთი, ჩინეთი და თურქეთი.
რუსეთის საბაჟო სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 2021 წელს მსოფლიოს 36 ქვეყანაში ექსპორტირებული იყო თითქმის 230 მილიონი ტონა ნავთობი, საიდანაც 47% მოდიოდა ევროკავშირის სახელმწიფოებზე. შარშან რუსეთმა ევროკავშირში გაყიდა 108 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობი და ამ გზით მიიღო თითქმის 51 მილიარდი დოლარის შემოსავალი.


