დაღესტანში, კასპიის ზღვის სანაპიროზე 1700 მკვდარი სელაპი აღმოაჩინეს
05/12/2022 06:30:27 მსოფლიო
რუსეთის დაღესტანში, კასპიის ზღვის სანაპიროზე აღმოჩენილი მკვდარი სელაპების რაოდენობა 1700-მდე გაიზარდა, იტყობინება რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "РИА Новости" კასპიის კონსერვაციის ცენტრის გენერალურ დირექტორზე ზაურ გაპიზოვზე დაყრდნობით.
დაღესტნის ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ამტკიცებს, რომ სელაპები "ბუნებრივი ფაქტორების" გამო დაიღუპა.
”გარედათვალიერების მიხედვით, ისინი დაახლოებით, ორი კვირის წინ დაიღუპნენ. ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები, თევზსაჭერი ბადეების ნაშთები არ ყოფილა”, - თქვა გაპიზოვმა.
მან დასძინა, რომ შეიძლება, კიდევ უფრო მეტი მკვდარი ცხოველი იყოს.
გაპიზოვის თქმით, გარემოსდაცვითი ცენტრის, მეთევზეობის ფედერალური სააგენტოს და სხვა დეპარტამენტების თანამშრომლები აგრძელებენ სანაპიროების შესწავლას და ცხოველების დაღუპვის მიზეზების გარკვევას.
მეთევზეობის ფედერალური სააგენტოს ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიული ადმინისტრაციის პრესსამსახურმა ერთი დღით ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ სანაპიროზე 700 მკვდარი სელაპი აღმოაჩინეს.
დეპარტამენტის ინსპექტორებმა მთელი რესპუბლიკის ზღვის სანაპირო დაათვალიერეს. წინასწარი შემოწმების შემდეგ ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ ცხოველები დაიღუპნენ. მათი უმეტესობა ორსულად იყო. გამოკვლეულ გვამებზე თევზჭერის ბადეებით დახრჩობის კვალი არ შეიმჩნევა.
კასპიის სელაპი კასპიის ზღვის ენდემური ცხოველია. ის ერთადერთი ძუძუმწოვარია, რომელიც ცხოვრობს ამ ზღვაში. მას გადაშენების პირას მყოფი ცხოველის სტატუსი აქვს. 2020 წლიდან ის რუსეთის ფედერაციის წითელ წიგნშია შეყვანილი.
2021 წლის მაისში კასპიის ზღვის სანაპიროზე, მახაჩკალასთან ახლოს 150-ზე მეტი დაღუპული სელაპი აღმოაჩინეს. ბევრი მკვდარი ცხოველი ტყავის გარეშე იყო. რუსეთის ფედერაციის ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ვარაუდით, სელაპები სათევზაო აღჭურვილობაში მოხვდნენ, რის შემდეგაც ბრაკონიერებმა ცხოველების უმეტესობას ტყავი მოაშორეს და ცხედრები ზღვაში გადაყარეს.


