ზელენსკი – უკრაინელებს: "ზამთრის ყოველი დღე აღიქვით არა გამოცდის, არამედ გამარჯვების მოახლოების დღედ"
05/12/2022 06:10:57 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამოქალაქეებს მოუწოდა, ამ ზამთარს ერთმანეთს უფრო მეტად დაეხმარონ და არ დაუშვან შიდა კონფლიქტები, რადგან თუ ამ ზამთარს გაუძლებენ, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერს ბოლომდე დაიცავენ.
4 დეკემბერს უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთს ჯერ კიდევ აქვს რაკეტები და არტილერიით უპირატესობა, მაგრამ არ აქვს და არ ექნება ის, რაც - უკრაინელებს.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელები იცავენ თავის სახლს და იბრძვიან თავისუფლებისა და სიმართლისთვის, რაც ყველაზე დიდი მოტივაცია და ძალაა და უკრაინის გარშემო აერთიანებს მთელ მსოფლიოს.
"ზამთრის ყოველი დღე აღიქვით არა გამოცდის, არამედ გამარჯვების მოახლოების დღედ", მიმართა ზელენკიმ უკრაინელებს.
უკრაინას უმძიმესი ზამთარი უდგას საომარი მოქმედებების გარდა, უმწვავესი ენერგოკრიზისის გამო, რომელიც ქვეყნის ენერგოობიექტებზე რუსეთის მასირებულმა სარაკეტო დარტყმებმა გამოიწვია.


