ზელენსკი: "ვიცი, რა რთულია ბახმუტში, ბიჭებო, გამაგრდით! მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ეხმარება უკრაინას გაძლიერებაში"
05/12/2022 06:06:53 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ამ დროისთვის ყველაზე რთული ვითარება ბრძოლის ველზე ბახმუტშია.
მან მადლობა გადაუხადა ყველას, "ვინც უკრაინას გაძლიერებაში ეხმარება".
"ჩვენი თავდაცვის ძალები მყარად იკავებენ პოზიციებს, ურთულეს მიმართულებებსაც კი. რამდენჯერ დაგეგმეს ოკუპანტებმა მთელი დონბასის აღება, ბახმუტში ყოფნა, რამდენჯერ გამოაცხადეს წინსვლის ახალი ვადები, გამარჯვებები. ვიცი, რა რთულია ბახმუტში, დონბასში. ბიჭებო გამაგრდით, მე თქვენთან ვარ, ხალხი თქვენთანაა. ამ ამოცანის შესასრულებლად, წარმატებით შესასრულებლად ყოველთვის მხარი უნდა დავუჭიროთ ერთმანეთს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ეხმარება უკრაინას გაძლიერებაში და ვინც ამ ზამთრის შემდეგ აუცილებლად შეძლებს თქვას, რომ ჩვენი გამარჯვების მოახლოებაც მისი პირადი მიღწევაა", – განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ 3 დეკემბერს უკრაინაში, დონეცკის ოლქში, ქალაქ ბახმუტთან 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
ქართველი მებრძოლების ცხედრების გამოსატანად ბახმუტში ამ დრომდე იბრძვიან ქართველები უკრაინელ სამხედროებთან ერთად.
"ახლა ვართ ქალაქ ბახმუტის მისადგომებთან, სადაც არიან ჩვენი დაღუპულები. გამოსაყვანად შევედით და დაჭრილი გვყავს, ვერ გამოვიყვანეთ ომი იყო. დაგვცხეს, გაგვანადგურეს. გამოვედით უკან, უნდა დავისვენოთ და ისევ შევიდეთ. ქალაქ ბახმუტი ჩვენია, ქალაქ ბახმუტის შემოგარენზე არიან მომდგრები ერთ მხარეზე. ბახმუტი ქალაქი ჩვენია, ჩვენ ვაკონტროლებით", - განაცხადა "მთავარ არხთან" საუბრისას ქართველმა მებრძოლმა დავით ქუქჩიშვილმა.
3 დეკემბერს დაღუპული ქართველი მეომრები არიან:
ავთო რურუა;
რომეო ფირჩახია;
როლანდ კვარაცხელია;
ბადრი მარკელია;
მერაბ ალადაშვილი.


