
"სირცხვილია" 6 დეკემბრის გლოვის დღედ გამოცხადებას ითხოვს
04/12/2022 17:49:31 საზოგადოება
"სირცხვილია" 6 დეკემბრის გლოვის დღედ გამოცხადებას ითხოვს.
„როდესაც ამ ქვეყნის შვილები მტერთან ბრძოლაში გმირულად იღუპებიან, გლოვის დღის გამოცხადება ინსტინქტი უნდა იყოს. დაწეული დროშებით, სიმბოლურად მაინც ხომ უნდა ვაჩვენოთ, რომ ისევ ერი გვქვია, რომ ისევ გვაქვს მცირე სინდისი მაინც? რომ ცხოვრებას დანაკარგის იგნორირებით კი არა – მისი შემჩნევით, დაფასებითა და მომავლის იმედად ვაგრძელებთ? როგორია ცხოვრება მშვიდობის ქალაქად შეფუთულ კოლაბორაციონიზმისა და სირცხვილის ქალაქში?“, — აცხადებს „სირცხვილია“.
უკრაინაში, დონეცკის ოლქში, ქალაქ ბახმუტთან ქართველი მეომრების დაღუპვის ფაქტს ხელისუფლების ოფიციალური პირებიდან ჯერ–ჯერობით მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა.
ქართველი მებრძოლების ცხედრების გამოსატანად ბახმუტში ამ დრომდე იბრძვიან ქართველები უკრაინელ სამხედროებთან ერთად.
"ახლა ვართ ქალაქ ბახმუტის მისადგომებთან, სადაც არიან ჩვენი დაღუპულები. გამოსაყვანად შევედით და დაჭრილი გვყავს, ვერ გამოვიყვანეთ ომი იყო. დაგვცხეს, გაგვანადგურეს. გამოვედით უკან, უნდა დავისვენოთ და ისევ შევიდეთ. ქალაქ ბახმუტი ჩვენია, ქალაქ ბახმუტის შემოგარენზე არიან მომდგრები ერთ მხარეზე. ბახმუტი ქალაქი ჩვენია, ჩვენ ვაკონტროლებით", - განაცხადა "მთავარ არხთან" საუბრისას ქართველმა მებრძოლმა დავით ქუქჩიშვილმა.
3 დეკემბერს დაღუპული ქართველი მეომრები არიან:
- ავთო რურუა;
- რომეო ფირჩახია;
- როლანდ კვარაცხელია;
- ბადრი მარკელია;
- მერაბ ალადაშვილი.