კულება – "ჩვენ ამ ზამთარს გადავლახავთ, თუმცა საკითხავია, რა ფასად, Patriot–ების მიწოდების შემთხვევაში, ეს ფასი მკვეთრად შემცირდება"
02/12/2022 19:50:45 მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, დროა, დასავლეთმა მიიღოს გადაწყეტილება კიევისთვის Patriot–ს ტიპის ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემა მიწოდების თაობაზე. ამის შესახებ მან CNN–ის ეთერში ისაუბრა.
"ეჭვი არ არსებობს, რომ ჩვენ ამ ზამთარს გადავლახავთ, თუმცა საკითხავია, რა ფასად. რა თქმა უნდა, თუ ჩვენ გვექნება Patriot–ები და სხვა მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინაში უახლოეს კვირებში და არა თვეებში, ეს ფასი მკვეთრად შემცირდება. მე ვესაუბრე ჩემს ამერიკელ და გერმანელ კოლეგებს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების შესახებ. არ დავმალავ, რომ ეს დიდი დახმარება იქნება. ეს ნამდვილად დაგვეხმარება ქვეყნის დაცვაში, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ფასი, რომელსაც ვიხდით ზამთრის პერიოდში გადარჩენისთვის. ჩვენ დავიწყეთ საუბარი Patriot–ებზე ომის დასაწყისში, რეალურად ომამდე. ახლა გადაწყვეტილებების მიღების დროა",– განაცხადა კულებამ.
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინისთვის Patriot–ების გადაცემის საკითხთან დაკავშირებით დასკვნების გაკეთება ჯერ ნაადრევია. ამის შესახებ მან ბერლინში, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე ისაუბრა.
"პოლონეთში ამჟამად განხილვის ეტაპზეა გერმანიის შეთავაზება, გადასცეს ვარშავას სამი ერთეული ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot. ამიტომ, ვფიქრობ, დასკვნების გაკეთება ჯე ნაადრევია. ამასთან, მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, გერმანიის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დასაცავად შეთავაზებული Patriot–ების შესახებ დისკუსია განცალკევებული იყოს უკრაინისთვის დამატებითი ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემების მიწოდების საკითხისგან. ჩვენ ვთანხმდებით, რომ არსებობს გადაუდებელი საჭიროება, დავეხმაროთ უკრაინას, მათ შორის ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემებით“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
თავის მხრივ, შოლცმა აღნიშნა, რომ პოლონეთი გერმანიის შეთავაზების განხილვის პროცესშია:
"როგორც გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, პოლონეთი აგრძელებს ამ საკითხის განხილვას, ასე რომ, ეს დისკუსია ჯერ არ დასრულებულა".
ცნობისთვის: გერმანიამ პოლონეთს მისი საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად "Patriot" მას შემდეგ შესთავაზა, რაც 15 ნოემბერს უკრაინაზე რუსეთის სამხედრო ძალების მასირებული სარაკეტო შეტევისას პოლონეთში, უკრაინასთან საზღვრის მახლობლად ჩამოვარდა რაკეტა, რომლის აფეთქებამ 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. პოლონეთის, აშშ-ისა და ნატო–ს განცხადებით, პოლონეთის ტერიტორიაზე უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ რუსეთის იერიშის მოსაგერიებლად ნასროლი რაკეტა ჩამოვარდა, თუმცა აღნიშნეს, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომს და მასირებულ სარაკეტო შეტევებს განაგრძობს.
მოგვიანებით, პოლონეთმა გერმანიას მიმართა მისთვის შეთავაზებული Patriot-ს ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინისთვის გადაეცა. "ნატო-ს თავდაცვითი სისტემების მისი ტერიტორიის მიღმა გამოყენებას, ალიანსის ყველა წევრის თანხმობა სჭირდება", – ასე უპასუხა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინ ლამბრეხტმა პოლონეთის მიმართვას.


