
სახალხო დამცველი: "სააკაშვილის მდგომარეობა შეესაბამება ომბუდსმენის კონსილიუმის ნეგატიურ პროგნოზს"
02/12/2022 12:13:33 პოლიტიკა, საზოგადოება
სახალხო დამცველი ნოინო ლომჯარია აცხადებს, რომ "ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა შეესაბამება ომბუდსმენის კონსილიუმის ნეგატიურ პროგნოზს".
მისი თქმით, ექიმთა კონსილიუმის შეფასებით, თუ ასე გაგრძელდა, მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდება.
„რაც შეეხება ჩვენ შეფასებას, ამ წუთას რაც შემიძლია გითხრათ იმის გამო, რომ ბევრ რამეზე ვერ ვსაუბრობ, რადგანაც ჯერ თანხმობა არ მაქვს, ჩემი კონსილიუმის შეფასებით, ეს მდგომარეობა სრულად შეესაბამება იმ პროგნოზს, რასაც ისინი აკეთებდნენ გაზაფხულზე, რომ მდგომარეობა ბევრი მიმართულებით კიდევ უფრო დამძიმდებოდა. არსებული სიტუაცია სრულად შეესაბამება იმ ნეგატიურ პროგნოზს, რაც ჩვენი ექიმების მიერ გაკეთდა და მათი შეფასებით, თუ ასე გაგრძელდა ეს მდგომარეობა დამძიმდება და ძალიან პრობლემური იქნება. კონკრეტულად, რა იქნება ჩვენი პოზიცია, შეესაბამება თუ არა არსებული მდგომარეობა სასჯელის მოხდისგან გათავისუფლება თუ გადავადებას ამაზე ვმსჯელობთ და თუ გადავწყვეტთ გვექნება ჩვენი საჯარო პოზიცია", - აცხადებს ლომჯარია.
მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა, არსებულზე ნაკლები გასაჯაროვდა, რეალურად კი უფრო ვრცელი, დაახლოებით 200 გვერდამდეა.
„ჩვენი ექიმები შეაფასებენ ამ დასკვნის მიხედვით იმიტომ, რომ იქ არ არის მხოლოდ შეფასება, იქ არის პაციენტის გასინჯვის შედეგად მიღებული ინფორმაციები, არის ლაბორატორიული შედეგები. საერთო ჯამში, ისინი თვლიან, რომ დღევანდელი მისი გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობა აბსოლუტურად შეესაბამება იმ პროგნოზს, რაც მათი აზრით მოსალოდნელი იყო", - აცხადებს ლომჯარია.
სახალხო დამცველი ექიმთა კონსილიუმთან ერთად სწავლობს ცენტრ “ემპათიის” დასკვნას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.